მრავალი ქვეყნის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ტურიზმის არასწორმა განვითარებამ შეიძლება დაგეგმილი სარგებლობის ნაცვლად მნიშვნელოვანი ზარალი მოიტანოს. ამიტომ, შემოსავლების ზრდის ასპექტში, მნიშვნელოვანია არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი მონაცემები. მდგრადობაზე ორიენტირებული სტრატეგიები ახალი ბაზრების მოზიდვისა და მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა.
თანამედრვე ტურიზმში აქტიურად მიმდინარეობს აქამდე არასტანდარტული ბიზნესის ფორმირების პროცესი, რომელიც კომპლექსურად ითვალისწინებს ეკოლოგიურ, კულტურულ მემკვიდრეობასა და სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებს. ამის მაგალითია ქართულ მეღვინეობაში ახალი ფეხმოკიდებული ტერმინის - ,,შატოს“ დამკვიდრება. თუმცა ხშირად ,,ბრენდირებაზე“ აღებული სტრატეგია სცილდება საერთაშორისო სტანდარტებით დამკვიდრებულ გარკვეულ მოთხოვნებს და აგროტურისტულ მარკეტინგზე ორიენტაცია ამორფულ სახეს ღებულობს.
ჩვენ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე და ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული ცენტრი, გულისტკივილით აღვნიშნავთ, რომ ,,ქართული მარნის“ რევიტალიზაცია ,,შატოს“ მიმართულებით უკარგავს სახეს ჩვენი წინაპრების მიერ ოდითგანვე დამკვიდრებულ ტრადიციებს და საბოლოო სახით ვღებულობთ გარკვეულ ,,კიჩს“, რომელსაც არც ეროვნულობა სცხია და არც ,,ფრანგულობა“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასიხარულოა ის ფაქტი, თუ როგორ ართმევს თავს ზოგიერთი ბიზნესი გლობალურ გამოწვევებს და ცდილობს სიახლეების სწორი დანერგვით გაიუმჯობესოს სასტარტო პოზიცია, ახალი ტურისტული სეზონის დადგომისათვის. ამის მაგალითი გვიჩვენეს ,,შატო-მუხრანის“ გენერალურმა დირექტორმა და მთავარმა მეღვინემ, ბ-ნ პატრიკ ჰონნეფსმა, თამარ ბუაძემ - შატო მუხრანის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეონა ტალახაძემ - შატო მუხრანის ბრენდ მენეჯერმა და დანარჩენმა თანამშრომლებმა, რომელთაც მუხრანში გვიმასპინძლეს და გაგვაცნეს მრავალფუნქციური კომპლექსის დღევანდელობა. 

       თანამედროვე ღვინის ქარხანა ორგანულად არის შერწყმული ივანე ბაგრატიონ-მუხრანელისეულ ძველ მარნებთან. პროდუქცია იმეორებს იმ ძველ მაღალ სტანდარტებს, რაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ აქ ევროპულად დაყენებული ღვინის ჩამოსხმით დაიწყო. ამას მოწმობს უამრავი მედალი და ჯილდო, რომელიც სხვადასხვა სახეობებმა საერთაშორისო გამოფენებზე მიიღო.

     რაც შეეხება საკუთრივ სასახლეს, რომელიც ეროვნული კატეგორიის ძეგლს წარმოადგენს და კომპანიის მფლობელობაშია, მასში მნიშვნელოვანი სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარეობს ძეგლის შიდა ნაწილის პირველადი სახით აღდგენა, რომელიც მარტო სამშენებლო სამუშაოებს არ ითვალისწინებს. აქ აღდგება ძველი ბიბლეოთეკა, ოდესღაც სასახლეს რომ ამშვენებდა. ახალ წლამდე ობიექტი დასრულებული სახით წარსდეგბა ჩვენს წინაშე, რაც უდავოდ აღაფრთოვანებს მნახველს.

       სასახლის ტერიტორიაზე, ეკოლოგიური მეთოდების სრული დაცვით მიმდინარეობს მწვანე ნარგავების ,,მუხნარის" აღდგენა-გაჯანსაღების პროცესი, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი დეტალია სოფელ მუხრანის სახელწოდებასთან მიმართებაში.

ასევე ყველა ეკოლოგიურ პარამეტრს აკმაყოფილებს განსაკუთრებული რუდუნებით მოვლილი გარემო ვენახები, რომლის რთველიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მზარდ, ჯანსაღ მოსავალს იძლევა.

,,შატო-მუხრანს“ გააჩნია ასევე საჯინიბო, რაც დამატებითი ტურისტული მიმართულების ათვისების საშუალებას იძლევა. ქართულ-ევროპული სამზარეულო კი ღვინის დეგუსტაციაში აუცილებელი დამხმარე ატრიბუტია, მითუმეტეს გასაოცარია ის მრავალფეროვნება, რომელიც მენიუს ფარგლებში ტურისტებისთვისაა შეთავაზებული.

მართალია ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შეჩერებულია ბანკეტების, წვეულებების თუ სხვა კორპორატიული ღონისძიებების გამართვა, მაგრამ უბრალო დაკვირვებამ დაგვანახა, თუ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად რამდენი ხალხი ისწრაფვის დატკბეს ეკოლოგიურად სუფთა და ინფრასტრუქურად მაღალ დონეზე მოწესრიგებულ გარემოში.

წარმატებას ვუსურვებთ ბატონ პატრიკის თაოსნობით იმ მომსახურე პერსონალს, რომელთა შორის ადგილობრივებიც ბევრი არიან, იმ წვლილისათვის, რომელიც მათ ამ სექტორის განვითარებაში შეაქვთ.
შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ: თუ გსურთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოთ, დაისვენოთ და ჩაწვდეთ ,,შატოს“ არსსა და რაობას, საფრანგეთში მოგზაურობა, სულაც არ არის საჭირო, უბრალოდ ეწვიეთ ,, შატო-მუხრანს!”




ინა ყურაშვილი
საფინანსო-საორგანიზაციო განყოფილება
05.07.2020 

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE

© Copyright 2021 bagineti.ge All Rights Reserved.

This site was created with Mobirise