მცხეთის მუნიციპალიტეტი,არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, გამორჩეულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობითა და მათი საკრალური თუ ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულებით. ამას ციფრებიც ადასტურებს, რომ არაფერი არ ვთქვათ მათ სულიერ მნიშვნელობაზე. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე აღრიცხული და რეგისტრირებულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სამი ძეგლი - სვეტიცხოველი, სამთავრო და ჯვრის მონასტერი, 16 ეროვნული და დაახლოებით 300 ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლი. დღეის მდგომარეობით, გამოკვლეულია 50-მდე არქეოლოგიური უბანი.
ქართული კულტურის თვითმყოფადობა აღაფრთოვანებს, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ დამთვარიელებელს. ამიტომაც ყველა ჩვენგანის ვალია, მოვუფრთხილდეთ და თაობებს შევუნარჩუნოთ ის უწყვეტი ჯაჭვი, რაც ჩვენმა წინაპრებმა ათასწლეულების განმავლობაში დიდი რუდუნებით გამოჭედეს. 

სვეტიცხოველი (პირველი ფოტოგანშლა) 

    ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ თანამშრომლები ვცდილობთ ამ დიდი იდეის განხორციელებაში ჩვენი სამსახურეობრივი და მოქალაქეობრივი წვლილი შევიტანოთ.
კონკრეტული საქმიანობის მხრივ, ცენტრი მუნიციპალური მასშტაბით, დაინტერესებული პირებისა თუ კომერციული ორგანიზაციებისათვის შეიმუშავებს ,,ზედაპირული არქეოლოგიური დათვალიერების აქტებსა“ და „ისტორიულ-არქიტექტურულ დასკვნებს“ .
აღნიშნული საქმიანობა პირველ რიგში ხორციელდება არქეოლოგიური თუ ისტორიული ძეგლების დაზიანების პრევენციის,შეუსაბამო ელემენტებისა და შენობების განთავსების თავიდან აცილების მიზნით. ასევე მნიშვნელოვანია მშენებლობის მწარმოებელი ფიზიკური თუ იურდიული პირებისათვის მიღებული სარგებელი, რაც დოკუმენტის ხარისხში, მის ფინანსურ ხელმისაწვდომობასა და ოპერატიულობაში გამოიხატება.
ქალაქ მცხეთის ისტორიულ ნაწილში, მორატორუმის შეზღუდვების მოხსნამ, გაზარდა ქალაქ მცხეთაში მშენებლობის განხორციელების მსურველთა რიცხვი. შესაბამისად, ჩვენი სამსახური გამოხატავს მზაობას დროულად მოვამზადოთ ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დოკუმენტი.
ამისათვის წინდაწინ მოვემზადეთ - როგორც ახალი ტექნოლოგიური ინოვაციების შეძენით, ისე გამოცდილების ამაღლების კუთხით. წინა წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შესრულებულმა დოკუმენტაციამ მრავალპროფილური კვლევის სახე მიიღო. თუ აქამდე საქართველოში დასკვნებს ან კვლევებს ინდივიდუალურად ერთი ადამიანი, ძირითადად ხელოვნებათმცოდნე ან ისტორიკოსი ახორციელებდა, ჩვენი სამსახურის მიერ დოკუმენტის შედგენაზე ცალკეულად მუშაობს ისტორიკოსი, არქეოლოგი, ურბანისტი და არქიტექტორი. საბოლოო ჯამში, ვიღებთ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამის, მულტიდარგობრივ კვლევას და რაც ხაზგასასმელია, არსებულთან შედარებით მესამედ და მეოთხედ ფასებში.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ანგარიშზე შემოტანილი თანხებით, საშუალება გვეძლევა გავაუმჯობესოთ ჩვენი ტექნიკური ბაზა. ეს კი, თავის მხრივ, ჩვენი ორგანიზაციის სხვა საწესდებო მიზნების წარმატებით განხორციელების საშუალებას მოგვცემს. 

დაწყებულია ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია, ფოტო და დოკუმენტალურიფიქსაცია, სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
ტურიზმის განხრით დასახული მიზნების მისაღწევად,აუცილებელია ვიზიტორებისათვის მაღალი ხარისხის,მრავალფეროვანი პროდუქტის შეთავაზება.შედგა ახალი ტურისტული მარშრუტები, რომლის ფარგლებშიც მოხდება ბილიკების მარკირება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოებისა და სხვა ვიზუალური მასალის საშუალებით მოეწყობა გამოფენები. ორგანიზაციის ძალებით ვიზიტორთათვის იბეჭდება ბუკლეტები, გზამკვლევები,ბარათები და სხვ. 

     ჩვენ მუდმივად ვაშუქებთ ცენტრის საქმიანობას და საინტერესო ინოვაციებს ახლო მომავალშიც შემოგთავაზებთ. ძვირფასო მკითხველო, თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს და გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები.

ინა ყურაშვილი
საფინანსო-საორგანიზაციო განყოფილება
26.02.2020 წ. 

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE