მცხეთა უძველესი ტრადიციების მატარებელი ქალაქია. აქ დღესაც ცხოვრობენ ხელოვანი ადამიანები,რომლებიც წინაპართა შემოქმედების გამგრძელებელნი არიან და ხალხურ შემოქმედებას თაობიდან თაობას გადასცემენ, რითაც საზოგადოებაში მის აქტიურ პოპულარიზაციას ახდენენ. ჩვენი ახალი წამოწყების ფარგლებში, სწორედ ასეთი ადამიანების და მათი ნამუშევრების წარმოჩენა გვსურს, რაც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ასპექტია. ინტერვიუების საშუალებით შევეცდებით წარმოვაჩინოთ მათი შემოქმედება და სამომავლო გეგმები. მკითხველისათვის საინტერესო იქნება მათი რჩევები, და ის გამოცდილება, რამაც შემოქმედებითი წარმატება მოუტანა ამ ადამიანებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში.
ინტერვიუ მხატვარ-კერამიკოს ელდარ მამალაძესთან
ქართული კერამიკა მსოფლიოს მასშტაბით განთქმულია. იგი გამორჩული და მრავალფეროვანია, როგორც თავისი ფორმისა და ფერის, ასევე ზომისა და დანიშნულების მიხედვით. თიხის ნაკეთობებს ჩვენს ქვეყანაში ყველგან შეხვდებით, თუმცა არსებობს გამორჩეული, საავტორო ნამუშევრები, მათ შორის მცხეთაშიც.
პირველ ნაბიჯად, სტუმრად ვეწვიეთ მხატვარ-კერამიკოს ელდარ მამალაძის სახელოსნოს, სადაც პროფესიონალი ხელოვანი თიხისგან ნამდვილ შედევრებს ქმნის. ოსტატი, დღესაც, ძველი, ტრადიციული მეთოდით აგრძელებს კერამიკაზე მუშაობას, რაც ახლანდელ დროში დიდი იშვიათობაა. მისი შემოქმედება დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რომელშიც შედის როგორც მცირე ზომის ყოფითი დანიშნულების ნივთები, ასევე, კედლის თეფშები, დეკორატიული ქანდაკებები, კომპოზიციები და ა.შ.
ინტერვიუს ჩაწერისას, სახელოსნოში დაგვხვდა მისი ვაჟი გიორგი მამალაძე. სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩვენთვის იმის გაგება, რომ ისიც უკვე პროფესიონალი კერამიკოსია და მამამისის მსგავსად შეყვარებულია თავის საქმიანობაზე.
გიორგიმ პრაქტიკაში გვაჩვენა თიხის ამოყვანის პროცესი, რაც ძალზედ შთამბეჭდავია - როგორ იბადება თიხის გუნდიდან კერამიკის სივრცული ფორმა.
ბატონმა ელდარმა შემოქმედებითი საქმიანობა ბავშვობიდან დაიწყო, სკოლის პერიოდში მხატვრობაში იყო გამორჩეული. მოგვიანებით სოხუმში, ნათესავთან გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სამხატვრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა. მისი შემოქმედებითი გზა სწორედ აქ იწყება. ამ პერიოდისთვის ის უკვე დაინტერესდა კერამიკით და შექმნა არაერთი ნამუშევარი. სასწავლებლის დასრულების შემდეგ უკვე თბილისში სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე, კერამიკის განხრით.
აკადემიის შემდეგ კი იყო მცხეთის კერამიკის ქარხანა, სადაც თავდაპირველად მხატვრი იყო, შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა და ბოლოს უკვე მთავარ მხატვრად გააგრძელა საქმიანობა. იმ დროისთვის ქარხანა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად უცხოეთში ახდენდა. კერამიკოსი იხსენებს, რომ თავის გუნდთან ერთად შექმნილი უნიკალური ნამუშევრები მსოფლიოს ყველა წამყვან ქვენაში იგზავნებოდა და მათ უმაღლესი შეფასება ეძლეოდა. 1990 წელს, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ქარხანა დაიხურა.
ოსტატმა იხტიბარი არ გაიტეხა და მაინც განაგრძო აქტიური საქმიანობა მისთვის საყვარელ სფეროში. მუშაობასთან ერთად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში და მისი სახელი სულ უფრო და უფრო ცნობილი გახდა. ამჟამად ის სვეტიცხოველთან ახლოს, საკუთარ სახლში გახსნილ პატარა სახელოსნოში, შვილთან ერთად აგრძელებს მუშაობას.
ვიზიტის ფარგლებში ხელოვანს რამდენიმე კითხვა დავუსვით:
ბატონო ელდარ, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული თიხასთან მუშაობა?
ადამიანი თუ სრულყოფილად ფლობს ცოდნას და აქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში, რთული არაფერია. რასაკვირველია, ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, მაგრამ უდიდეს სიამოვნებას განიჭებს, როცა ამ ყველაფერს საკუთარი ხელით ქმნი. ერთადერთი სირთულე ამ ეტაპზე არის ის, თუ მუშაობის პროცესში ელექტროენერგია გაითიშება (იცინის).
საქმიანობას ართულებს მხოლოდ ის, თუ ხარ უხასიათოდ. ამ შემთხვევაში თვითნ პროცესიც უფრო დამღლელია და ნამუშევარიც არ გამოდის სრულყოფილი. თუ კარგ ხასიათზე ვარ, ყველაფერი იდეალურად გამომდის, აღნიშნა გიორგიმ.
გაქვთ თუ არა გამორჩეული ნამუშევარი?
როცა თითოეულ ნივთს საკუთარი ხელით ქმნი, გამორიცხულია ის არ გიყვარდეს. ყველა ნამუშევარი თანაბრად ძვირფასია ჩემთვის. გამორჩევა გამიჭირდება.
რამდენად დიდია დღეისთვის დაინტერესება ხელოვნების ამ დარგის მიმართ?
დაინტერესება არის, თუმცა არ შემიძლია არ გამოვარჩიო უცხოელები. ჩვენი შთაბეჭდილებების დღიურშიც ნახავდით, რომ ძირითადად უცხოელებს აქვთ ჩანაწერები გაკეთებული. ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა სახლოსნოში უკვე ნამყოფი ტურისტები, კვლავ მოსულან წლების შემდეგ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად და ისევ შეუძენიათ ჩვენი ნამუშევრები.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ უფრო პოპულარული გახდეს ეს სფერო?
პირველ რიგში კარგი იქნება,თუ გაიხსნება სასწავლებლები, ქარხნები,, პროფესიონალებით დაკომპლექტებული(ხაზს უსვამს). ამით ახალგაზრდობას მიეცემა საშუალება სრულფასოვნად დაეუფლონ ქართულ კერამიკულ ხელოვნებას.
გიორგი მამალაძის თქმით კი მხოლოდ ქარხნის გახსნა გამოსავალი არ არის. მთავარია ეს ყველაფერი ხარისხიანად და გემოვნებით იქმნებოდეს. შესაბამისად, დაინტერესებაც მუდმივად იქნება.
ვიზიტის მიწურულს, ბატონმა ელდარმა დამწყებ მხატვარ-კერამიკოსებს წარმატება უსურვა, რაც მხოლოდ დაუღალავი შრომის და საკუთარი საქმის უსაზღვრო სიყვარულის შედეგად მოდის.
საფინანსო-საორგანიზაციო განყოფილება
ინა ყურაშვილი
21.02.2020
FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE