ამოქმედდა მუნიციპალური და პროფესიულ ექსპერტთა საბჭოები

 18 აპრილს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს სხდომა (თავმჯდჯდომარე მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნი გიორგი კაპანაძე). დღის წესრიგში საორგანიზაციო საკითხებთან ერთად განხილული იქნა ,,ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სისტემის შემუშავების პროცესში პროფესიული კონსულტაციების გაწევის მიზნით პროფესიული საკონსულტაციო საბჭოს" 2019 წლის 12 აპრილი №1 სხდომის შედეგები.
უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი საბჭო მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესის დასაწყისშივე კვალიფიციურად ართმევს თავს დასახულ ამოცანებს და კომპეტენტური წინადადებით შუამდგომლობს ,,პროფესიულ საკონსულტაციო საბჭოს" წინაშე. მკითხველს პროცესების გამჭვირვალეობისა და დამოუკიდებლად ფაქტების კონსტანტაცია-განზოგადებისათვის ვთავაზობთ აღნიშნული ოქმიდან განხილვის ამონაწერს:
კომისიის სხდომას ესწრებოდა საბჭოს 20 წევრი. ამასთანავე, საბჭოს სხდომას მოწვეული პირის სახით ესწრებოდნენ:
მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
ჯუანშერ ბურჭულაძე - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;
დღის წესრიგი:
ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების I ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა.
საბჭოს თავმჯდომარე - ნინო გვენცაძემ სხდომა გახსნილად გამოაცხადა, საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა, გააცნო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხი და მუშაობის წარმართვის ფორმატი. წევრებს ეთხოვათ წარმოედგინათ თავიანთი შენიშვნები და რეკომენდაციები ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ მოწოდებულ პირველი ეტაპის მასალებთან დაკავშირებით.
საბჭოს მსვლელობისას გამოთქმული იქნა, როგორც ზოგადი თემატური და შინაარსობრივი, ისე კონკრეტული ტექნიკური ხასიათის შენიშვნები და რეკომენდაციები. საბჭოს ყველა წევრის მიერ იქნა აღნიშნული, რომ გრაფიკული მასალა არ არის სათანადო დონეზე წარმოდგენილი: ნაკლებად ინფორმაციულია და შეიცავს ბევრ ხარვეზს, კვლევის ტექსტურ ნაწილში წარმოდგენილი ყველა მიმართულების კომპონენტები საჭიროებს მეტად შესწავლას და დაზუსტებას, მათ შორის: ეკოლოგია, საგზაო და სატრანსპორტო სქემები, კულტურული მემკვიდრეობა, არქეოლოგია, ტურიზმი, აგლომერაციის საკითხები, საერთაშორისო ვალდებულებები და ა.შ. დოკუმენტური კვლევა, რომელიც მოწოდებულია ფრაგმენტული ფოტოკოლაჟის სახით ასევე არ იძლევა სრულყოფილ სურათს და აკლია ინფორმაციულობა. ზოგადად წარმოდგენილი მასალა სისტემაშია მოსაყვანი და თემატურად გასაანალიზებელი მოკვლეული ინფორმაციის შესაბამისად.
საბჭოს მსვლელობისას გამოითქვა შემდეგი შენიშვნები და რეკომენდაციები:
გივი მეტრეველი: მნიშვნელოვანია მცხეთის განხილვა მცხეთა-თბილისი-რუსთავის აგლომერაციის ფარგლებში. მცხეთაში ლოჯისტიკის დატვირთვის შემცირება და ტურიზმის ჯანსაღი განვითარება. გადაადგილების მობილურობის გაუმჯობესება: გახდეს სწრაფი და კომფორტული. შიდა სატრანსპორტო და საქვეითო მოძრაობების კარგად დაგეგმარება და გამიჯვნა. რადგანაც მცხეთის ღონისძიებები იწვევს ქალაქის სრულ პარალიზებას, ამ საკითხების მოგვარების გზები უნდა ჩაიდოს გენ-გეგმაში, რომ სამომავლოდ მის შესაბამისად დაიწყოს პრობლემების მოგვარება. მცხეთაში შესული სტუმარი ისე უნდა შევიდეს და გამოვიდეს ქალაქში რომ იმოძრაოს განსაზღვრული მარშრუტით. შესაქმნელია სატრანსპორტო მოძრაობის და პარკირების მოქნილი სისტემა, ამ კუთხით ჩასატარებელია სპეციალური კვლევა: დასათვლელია იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც თბილისისკენ გადაადგილდება, დასათვლელია ტურისტების რაოდენობა, შესასწავლია ღონისძიებების დროს შიდა ქსელების მდგომარეობა და ა .შ. ისე უნდა დაიგეგმოს სამეურნეო საქმიანობა, რომ მცხეთაში ყველა მოქალაქესთვის კომფორტული იყოს გადაადგილება და ცხოვრება. ამ მიმართულებით არც ანგარიშში და არც პრეზენტაციაზე არ იყო საკმარისი ინფორმაცია მოწოდებული. ზოგადად კვლევა ტრანსპორტზე ძალიან მწირია.
პაატა შანშაშვილი: წინასაპრეოქტო კვლევების "ქუდში" მკაფიოდ არის დასასაბუთებელი და გამოსავლენი ლიტერატურული წყაროების ანალიტიკური და სრულყოფილი საველე კვლევების თუ რეკოგნოსცირებების ნომენკლატურა, აგრეთვე მათი სინთეზირების და დოკუმენტაციის დამუშავების შემდგომ ეტაპებზე ამ მონაცემების გამოყენების პარადიგმა.განვითარების ხედვაში მკაფიოდ არის გამოსაკვეთი ქალაქის ჰოლისტიკური მრავალფუნქციურობა. მათ შორის ქვეყნის საკრალური დედაქალაქის და მუნიციპალური სერვისების მიმწოდებლი; მსოფლიო და ეროვნული საგანძურის მაასოცირებელი; ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივ-ლანდშაფტური მემკვიდრეობის მაინტეგრირებელი; თბილისის ეროვნული პარკისა და დასაარსებელი "დიდი მცხეთის" დაცული ლანდშაფტისთვის "საკვანძო-საკარიბჭო" ქალაქის ფუნქციების ჩათვლით. ხედვაშიც და მთელ ანგარიშშიც ხაზგასასმელია დაყრდნობა ქვეყნისთვის სავალდებულო საერთაშორისო სამართლებრივ- ნორმატიული აქტების მოთხოვნებზე და მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის მიგნებებზე მაგ. ისეთ მეთოდოლოგიებზე როგორიცაა: "ისტორიული ურბანული ლანდშაფტის" და "მდგრადი დიზაინის (პროექტირების)" ურბანული განვითარების მარეგულირებელი და სახელმძღვანელო ასპექრები.
მანუჩარ მახათაძე - „აქოლისის“ მიერ წარმოდგენილი გრაფიკული მასალა არ არის ინფორმაციული იგი მოწოდებულია მხოლოდ საწყის და საყრდენ მონაცემებზე, რომელიც წარმოდგენილი იყო ტექნიკური დავალების დროს, რასაც ითველისწინებს კანონმდებლობა სივრცითი მოწყობის შესახებ. ამ ეტაპზე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი სრული ანალიზი, სუსტი და ძლიერი მხარეებით. ყველა გრაფიკულ მასალას აკლია ინფორმაციულობა არ გააჩნია განმარტებები, არ აქვს კავშირი ტექსტთან. ტოპოგედეზიური რუკაზე ნაჩვენები 5 კილომეტრის დაშორება იზოგიფსებს შორის არ გვაძლევს ინფორმაციას ქალაქზე/ტერიტორიაზე. მეტი სიმჭდროვით დატანილი იზოგიფსების შემთხვევაში მეტი ინფორმაცია გვექნებოდა. საკდასტრო რუკაზე დატანალი ადმინისტრაციული შენობები, არ არის ფერით გამოყოფილი, ფერების გრადაცია მეტად მკვეთრი უნდა იყოს, მინიმუმ კონტური უნდა იყოს გამოკვეთლი. არ არის გამოვლენილი სოციალური ინფრასტრუქტურის ნაგებობები. აგლომერაციის საზღვარში არ ჩანს თბილისის როლი. ( მოსახ. რა ნაკადი გაედინება სამუშაოდ თბილისში, რომელ საათზე ბრუნდება უკან, თბილისის რა ნაწილი გადავიდა საცხოვრებლად მცხეთაში და ა.შ .. )
კობა ჩიბურდანიძე: მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. გასათვალისწინებელია საქართველოს კანონის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ მუხლი 35. „დასახლებათა ტერიტორიებზე კულტურულ მემკვიდრეობის და ბუნებრივი ფასეულების დაცვის უზრუნველყოფა“. განსაკუთრებით შემდეგი ქვეპუნქტები:
დ) მცენარეული საფარის დაცვა-რეგულირება;
ე) ტყის ბუნებრივი აღდგენის ზონების დადგენა;
ვ) მდელოებისა და სხვა ტერიტორიის დაცვა დამეწყვრისა და წალეკვისაგან;
ზ) ხევების ფერდობების გამაგრება და გამწვანება.
შესამუშავებელია ზონების მართვის გეგმა.
რევაზ მამულაშვილი: დოკუმენტი იწყება ეპიგრაფით ავრელიუს აქოლისის ეპატაფიიდან ამონარიდის სახით. იგი აკნინებს ორგანიზაციის სახელწოდების არსს, რომლის დედააზრი მხატვართუხუცესისა და ხუროთმოძღვრის ინსტიტუტი არსებულობაზე უნდა იყოს გამახვილებული ანტიკური ხანის საქართველოს ძველ დედაქალაქში და არა საფლავის ქვის შეჩვენება, რაც თავისთავად ავთენტიკურ კავშირსაც კარგავს ეპიტაფიასთან.
ერთმნიშვნელოვნად იკვეთება, რომ ,,ახალი იერუსალიმის“ კონცეფცია საჭიროებს პირველ რიგში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში განხილვას, ისტორიული ავთენტურობის დადასტურებას და შემდგომ მის აღიარებას. ახალი იერუსალმის კონცეფციას სჭირდება მეტი ჩაღრმავება და ზუსტი ფორმირება. აუცილებელია დამატებითი კონფერენცია იმისათვის, რომ იდეამ მიიღოს საერთო აღიარება. აღნიშნული საკითხი ძალიან ფრთხილი და გააზრებული მიდგომებით უნდა იქნას მოსახლეობასთან მიტანილი, რათა არ დაამძიმოს ისედაც გართულებული სიტუაცია. ამ ეტაპზე ჯერ უნდა მოხდეს ამ კონცეფციის განშლა საზოგადოებაში და შემდეგ უნდა გადაწყდეს ოფიციალურად. მცხეთა ურბანულად არის ისტორიული ქალაქი და არ უნდა დავუბრუნდეთ ამ სტატუსს. ბუნებრივი ფასეულობების მონაცემებში არ არის ქართის (ბაგინეთი) მთის და შიო-მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ყველაზე ჩრდილო ნაწილში არიდული ნათელი ტყის მასივის შემადგენელი მცენარეული საფარის შესახებ ინფორმაცია; კონცეფციის ფარგლებში განსახილველია ქართის მთის, როგორც ისტორიულ-ლანდშაფტური ძეგლის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობა. არ არის განხილული მცენარეული საფარის განსაკუთრებული ნიადაგ-დაცვითი მნიშვნელობა ქართის (ბაგინეთი) მთაზე სადგურისა და არმაზის დასახლებებისათვის.
ბევრ შემთხვევაში არასწორი სახელწოდებებია დაფიქსირებული, მაგ:. 5. ბეთლემის გამოქვაბული; 12. ოლღას მონასტერი (გვ.14). ისტორიული ძეგლების ჩამონათვალს აკლია კარსნის ღვთისმშობლის ეკლესია.
აქცენტირებული ,,მეორე იერუსალიმის“ თემის განვითარების ფონზე, ისტორიული რაკურსით სუსტად არის წარმოდგენილი ქრისტიანობამდელი მცხეთა. ეს მაშინ, როდესაც ამიერკავკასიაში პირველი გათხრები განხორციელდა მცხეთაში და მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მნიშვნელობითა და რაოდენობით ქალაქი შეიძლება აღიარებული იქნას რეგიონის საერთაშორისო არქეოლოგიურ ცენტრად. ტურიზმის შეფასების კვლევა და მისი დანართი, მთლიანად გადასამუშავებელია. შემოთავაზებულია ტურისტული ნაკადების გაშლის გეგმა ,,ქალაქ მცხეთის მუზეუმებისა განვითარების კონცეფციის“ ფარგლებში - მაგ: სვეტიცხოველიდან უნდა მოხდეს დატვირთვის განშლა. შესაძლებელია სანთლავი მოეწყოს ანტიოქიის ეკლესიის ფუძეზე, კლდის გაყოლებით, როგორც ეს ისტორიულად, მდინარე არაგვის მტკვართან შეერთების პირობებში იყო. მოეწყოს ჭაბურღილი ეკოლოგიურად სუფთა წყლის მისაღებად, საფეხმავლო გზით და შემდეგ ბორნით მოხდეს სანათლავის დაკავშირება ჯვრის მონასტერთან. ბაიათხევში შესაძლებელია პრაქტიკული არქეოლოგიის სახით ძველი მცხეთის საცხოვრისების და რომაული აბანოს აშენება, რითიც დამატებითი მიზიდულობა გაძლიერდება სამაროვანის კომპლექსის მიმართ. უნდა შეიქმნას ქართული დამწერლობის მუზეუმი. თავისი დატვირთვა აქვს ბებრის ციხეს თეატრონთან ერთად, შესამუშავბელია რევიტალიზაციის პროექტი, რის ფარგლებშიც უნდა განვითარდეს კულტურულ - შემეცნებითი სივრცე. მნიშვნელოვანია ილიას ძეგლთან გაკეთდეს პატარა მუზეუმი და მიეცეს მას სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულება, ქართის მთა უნდა აღიარებული იქნეს კულტურული ლანდშაფტის ძეგლად. საზრუნავია წინაქრისტიანული პერიოდის ძეგლებიც, ახალი ტურისტული მარშრუტების ფარგლებში შესაძლებელია საჰაერო გზით (საბაგირო) გაცოცხლდეს წმინდა ნინოს ტაძრისკენ მიმავალი გზა და ჩასასვლელი არმაზის ციხეში. ქალაქის შემოსასვლელში, ფარნავაზის მოედანზე უნდა განთავსდეს საქართველოს პირველი მეფის ქანდაკება, პომპეუსის ხიდი მისი საგანგაშო მდგომარეობიდან გამომდინარე, მოითხოვს საჩქარო ჩარევის აუცილებლობას. კოდმანის ტერიტორიაზე შესაძლებელია გაკეთდეს დროებით პარკირება, შეიქმნას საპიკნიკე ადგილი ექსკურსიების გაზრდილი რაოდენობის მომსახურების უზრუნველსაყოფად.
ქალაქგეგმარებითი პრობლემებში არსებული ჩამონათვალი არ არის ადეკვატური რეალობასთან. მასში არ არის განხილული მთავარი პრობლემური საკითხები:
• არსებული მორატორიუმი, რომელიც ქალაქის განვითარების შემაფერხებელი და სოციალური პრობლემების გაღმავების მთავარი ფაქტორია; უნდა ერთობლივად, უმოკლეს ვადაში დაიხვეწოს კონკრეტული წინადადებები სკაიპ-კონფერენციის ფარგლებში განსახილველად.
• ფიქრის გორის, აზნეფტის დასახლებისა და წიწამურში მიწის მესაკუთრეთა პრობლემები; წამოსადგენია კონცეფცია პრობლემის პარამეტრების განსაზღვრისათვის. უნდა მოხდეს ქალაქის განვითარების ახალი მიწის ფართობების გამოვლენა.
• საერთაშორისო კონვეციით აკრძალული სამხედრო ბაზისა და თავდაცვითი ობიექტების არსებობა ,,ომისაგან დაცული ქალაქის“ ტერიტორიაზე; რეაქტორის საკითხის დასმა (გადატანა)
მცხეთაში უნდა გაკეთდეს გამწმენდი ნაგებობები (არაგვის კალაპოტი არის კატასტროფულ მდგომარეობაში). პრობლემაა სასაფლაოს შემოღობვა, ჩნდება უკანანო საფლავები სატყეო ტერიტორიაზე. ტრანსპორტი - კოსტავას ქუჩის ჩაკეტვა არის სატრანსპორტო კოლაფსი ქალაქისთვის. პროექტში უნდა ჩაიდოს მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მოქმედებების გეგმები. ადმინისტრაციული პოლიციის, მუნიციპალიტეტის შენობები უნდა იყოს გატანილი ქალაქ მცხეთიდან, თუმცა ეს გრძელვადიანი პროცესი იქნება.
მანანა ვარძელაშვილი: მეორე იერუსალიმის თეოლოგიური საკითხები უფრო სიღრმისეულად არის განსახილველი. ამ მიმართულებით მოსახლეობამ უნდა იცოდეს: რა ელის და ამით რას მიიღებენ. მნიშვნელოვანია განვითარების ხედვები და როგორ ვჭრით ე.წ. ცხელი წერტილების პრობლემებს კერძო ადამიანებთან. აღნიშნული საკითხები იგნორირებულია დოკუმენტში.
გოდერძი ნარიმანიშვილი: ნაკლულია დოკუმენტში ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის კვლევები. განსაკუთრებით წინა ქრისტიანული მემკვიდრეობა არ არის განხილული. აუცილებელია ინსტიტუტის არსებობა რომლის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება მცხეთის არქეოლოგია. ბაგინეთის გამოკვეთის მნიშვნელობა. ბაგინეთის ნაწილი არის გასხვისებული, ზუსტი საზღვრების დადგენა აუცილებელია, რომ მოსახლეობა არ იყოს დაბნეული. არის უძველესი თეატრი, ნაპოვნია თეატრის ნიღბები. ახლა სამხედრო ობიექტების რიცხვშია, გზა გაიჭრა და ზედაპირი მოიხსნა. უნდა შედგეს რუკები ზუსტი საზღვრებით და არქიტექტურულ-კულტურული ძეგლებით.
გიორგი აღნიაშვილი: - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისის შემოსავლელი“ საავტომობილო გზისა და საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის „ნატახტარი-ჟინვალი“-ს მონაკვეთის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით, აწარმოებს საავტომობილო გზების საპროექტო სამუშაოებს და დაგეგმილი აქვს სამშენებლო სამუშაოებს განხორციელება. აღნიშნული პროექტები წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებს, რომლების გადის ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ზემოხსენებული საპროექტო ობიექტების (საავტომობილო გზები) მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია მათი ასახვა მოხდეს ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტში.
დავით სვანიძე: ყველამ უნდა გაითვალისწინოს რომ მცხეთა არის წმინდა დედაქალაქი. უნდა გაითვალისწინონ ასევე წინარე ქრისტიანული პერიოდი. მცხეთა მარტო ადმინისტრაციული საზღვარი არ არის, გასათვალისწინებელია მისი მხედველობითი არეალი. წარმოადგინონ ხედვა შიო-მღვიმეს ლანდშაფტთან მიმართებაში, ისე რომ საკრალური სივრცე იყოს შენარჩუნებული. ამასთან გადასაწყვეტია მოსაზრება ავჭალის მიმართულებით როგორ უნდა განვითარდეს მცხეთა.
მედეა ჯანიაშვილი: ტურისტული ნაკადების გაზრდა გულისხმობს სერვისების გაზრდას, რაც არ არის ეს კვლევაში ჩადებული. ტურისტული პროდუქტები სახეობების მიხედვით უნდა იყოს დაყოფილი. მნიშვნელოვანია მცხეთის ყველა ნიშან-თვისებები (ბუნებრივი პირობები, არქეოლოგია, პილიგრიმობა, წინარექრისტიანული..) გამოყენება. ნებისმიერი ახალი ტურისტული ადგილი საჭიროებს ასევე ახალ სერვისიებს. სივრცის მართვის გეგმა - მცხეთის დაკავშირება მუნიციპალიტეტის სხვა ადგილებთან საზოგადოებრივი სატრანსპორტო ქსელებით უნდა განისაზღვროს თავიდანვე, რომ თავიდან ავიცილოთ უფუნქციურობა და ქაოტურობა.
კახაბერ ირიაული: მოწოდებული ინფორმაცია ზედაპირულია, რუკებიც დაბალი ხარისხის და ინფორმაციის ნაკლებობით არის წარმოდგენილი.
ნინო გვენცაძე: ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი სხდომა, დიდი მადლობა ასეთი შინაარსიანი დისკუსიისთვის. სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტშიც განვიხილეთ მოწოდებული დოკუმენტაცია, რომელზედაც ყველა წევრმა დეპარტამენტიდან (სოფიკო მაისურაძე, გიორგი კერესელიძე, კახაბერ ნიაური) დააფიქსირა თავისი პოზიცია, ხშირ შემთხვევაში ეს შენიშვნები და რეკომენდაციები მეორდება. ეხლა ზოგადად მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას, თუმცა სათითაოდ მიღებული შენიშვნები და რეკომენდაციები, როგორც ჩვენი, ისე თქვენი თან დაერთვება სხდომის ოქმს და მიეწოდება მუნიციპალური განვითარების ფონდს.
გაგაცნობთ ზოგად შენიშვნებს: მასალა არ არის სათანადო დონეზე წარმოდგენილი: აკლია გზამკვლევი, დოკუმენტების ჩამონათვალი, ექსპლიკაციები, ინფორმაციის სიმწირეა საპროექტო ტერიტორიის შესახებ; მასალას არ ეტყობა საერთო მენეჯმენტი, არ არის გადაკითხული ერთი ადამიანის მიერ: მეორდება ინფორმაციები, სურათები, სქემები, მაგალითად, დანართებში 1, 2 და 3-1, 3-2 ერთი და იგივე ისტორიებია მოთხრობილი, ხშირად, იდენტური ტექსტებით; არის ბმა ტექსტურ და გრაფიკულ ნაწილებს შორის: ვერ ხდება სქემების ტექსტთან იდენტიფიცირება; სრულყოფილად არ არის აღწერილი მცხეთის ტერიტორიების გამოყენების დღევანდელი მდგომარეობა. აკლია სოციალური ინფრასტრუქტურის დახასიათება საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სპორტული, გართობადასვენების, მუზეუმების, საყოფაცხოვრებო მომსახურების, სასტუმროების, სამართალდამცავი, კვების, ადმინისტრაციული და სხვა ობიექტების რაოდენობის, სიმძლავრეებისა და მდებარეობის დეტალური აღწერა; წარმოდგენილ ტოპო გეგმაზე არ არის სრული მონაცემები შენობებზე, ქუჩებზე, იზოჰიფსებზე სტანდარტულად არ არის ნიშნულები მითითებული, ქუჩათა ქსელი ზოგან წყდება, ზოგან საერთოდ არასწორად არის დატანილი: მაგალითად „გეცსემანიის ბაღებთან“ ძირითადი სატრანსპორტო კვანძი; არ არის დატანილი აეროპორტები, რკინიგზის ხაზები, პირობითი აღნიშვნები, UTM კოორდინატთა სისტემის ბადე, ქუჩების ქსელი ქუჩების დასახელებებით, სავალი ნაწილის და ტროტუარების (სკვერების, მოედნების და ა. შ. გამოყოფით); ამ სტადიაზევე უნდა განისაზღვროს გრგ-ების არეალები (თუ მოსაზრება ემთხვევა ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულს მაშინ ეს უნდა დაფიქსირდეს). გრაფიკული ნაწილი შესავსებია შემდეგი რუკებით:
- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაცვის ზონებით;
- არქეოლოგიური ობიექტები დაცვის ზონებით;
- ტოპონიმების რუკა;
- გრგ-ების არეალების ჩვენებით;
- მწვავე ადგილების ჩვენებით რუკა;
- სიმაღლეების რუკა (რელიეფი);
- ფერდობების დახრილობა;
- მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების ამსახველი ყველა რუკა უნდა მოხდეს როგორც საველე, ისე კამერალური სამუშაოების დახასიათება; საკადასტრო მონაცემების შესახებ ინფორმაცია, ასევე უფრო მეტი დეტალიზაციით უნდა იქნას განხილული; ტექსტურ ანგარიშში უნდა მოხდეს ყველა სახის საინჟინრო ქსელის დეტალური დახასიათება; ქალაქ მცხეთის, როგორც არქეოლოგიური, ისე კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების ნუსხა - უნდა იყოს ინფორმაციული;
ქალაქმაფორმირებელი ფაქტორები ძირითად რელიგიური კუთხით შემოიფარგლება, საჭიროა მეტად ჩაშლა; ნახაზები უნდა დამუშავდეს იმ მასშტაბში, რა მასშტაბშიც უნდა იქნას დაბეჭდილი და გამოყენებული; გენგეგმისთვის ყველა რუკის ელ.ვერსიის სიზუსტე უნდა იყოს 1:2000, ხოლო ძირითადი მასალა: ტოპოგეოდეზიური რუკა და საყრდენი (საბაზისო) რუკა უნდა დამუშავდეს და დაიბეჭდოს 1:5 000, მასშტაბში (სავარაუდოდ, რამდენიმე ნაწილად);
პირობითი აღნიშვნების მასშტაბების გამო, ქსელების სიმძლავრეების იდენტიფიცირება შეუძლებელია, გრაფიკულად დასახვეწია აღნიშვნები. იგივეა ჩამდინარე წყლების ჩაშვების წეტილების მდებარეობით დატანილ რუკაზე; ტურიზმის სექტორი მეტად დეტალიზაციას მოითხოვს;
ამ ეტაპზე ხედვებთან მიმართებაში ძირითადი შენიშვნები არ დაწერილა, რადგანაც ჩავთვალეთ რომ ეს მხარე შემდგომ სტადიაზე უფრო ჩაშლილი იქნება და მეტი ინფორმაციის ფარგლებში განვიხილავთ, თუმცა აქ გამოთქმულ მოსაზრებებს ვეთანხმები: მცხეთას როგორც აგლომერაციის ერთერთ მთავარ მონაწილეს, ,,ახალი იერუსალიმის“ კონცეფციის მეტ დასაბუთებას, მცხეთაში ლოჯისტიკური ობიექტების შემცირებას, ტურისტული მარშრუტების არა მარტო მცხეთის საზრვრებში განხილვას, პრობლემური ადგილების გადაწყვეტის გზებს და ა.შ
პაატა შანშიაშვილი - რა ამოცანებთან გვაქვს საქმე? ეს არის ურბანულ მარეგულირებელი დოკუმენტი. ბევრი აქ გამოთქმული რეკომენდაციები შეეხება შემდგომ ეტაპებს, ასევე პროექტირებას და სცილდება ურბანულ მარეგულირებელ საკითხებს, კარგი იქნება რომ გამოიკვეთოს მოთხოვნების და რეკომენდაციების კატეგორიები. აღსანიშნავია, რომ არ გვაქვს მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების გეგმა და აქედან გამომდინარე ჯგუფს მოუწევს გარკვეული კომპენსირება რეკომენდაციების სახით. საკითხები იქნება დასახარისხებელი, იმის მიხედვით თუ რა იქნება ურბანულ-მარეგულირებელ დოკუმენტაციაში გასათვალისწინებელი, რა შეეხება მუნიციპალურ სივრცულ დოკუმენტაციას თუ პროექტირებას და ა.შ.
საბჭომ დისკუსიისა და მსჯელობის საფუძველზე მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
1 საბჭოს წევრების მიერ დაგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები,ოქმის დანართის სახით გადაგზავნოს საქართველოს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს;
2 წარმოდგენილი მასალა დასაკორექტირებელია შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით;
3 შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც არ იქნება გათვალისწინებული უნდა დასაბუთდეს შესაბამისი არგუმენტებიტ და დაერთოს კონკრეტულ დოკუმენტაციას წერილობიტი სახით;
4 კორექტირებული მასალა წარმოდგენილი იქნას შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE

გააზიარეთ თქვენს გვერდზე!!!