სახლების პასპორტიზაცია, სეისმური რისკების შეფასება

 ა(ა)იპ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ერთობლივი პროექტი.



ა(ა)იპ "მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის" და ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პროექტის ერთი ძირითადი ნაწილი დასრულდა. ის მოიცავდა: სადგურის და "ტოლბუხინების" დასახლებაში არსებული ყველა შენობა-ნაგებობის პასპორტიზაციას და სეისმური რისკების გათვლას. პროექტი განახორციელა და საველე სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს ურბანული დაგეგმარებისა და ისტორიულ-არქიტექტურული განყოფილების თანამშრომლებმა: სერგო ხაბეიშვილი, ელენე ყიფიანი, მარიამ თათარაშვილი და ბექა დავითიძე. პროექტის ფარგლებში მოხდა საკვლევი მასალების მოძიება, რომლის მეშვეობითაც გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერები ჩაატარებენ სეისმური რისკების კვლევას.  

     ა(ა)იპ "მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის", ურბანული დაგეგმარებისა და ისტორიულ-არქიტექტურული განყოფილების ურბანისტი -
- სერგო ხაბეიშვილი: 2018 წლის მარტის თვეში დავიწყეთ პროექტის განხორციელება, სადგურის დასახლებაში. სამ თვიანი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გავაკეთეთ ტერიტორიაზე არსებული ყველა შენობა-ნაგებობის პასპორტიზაცია. პროექტის მიზანი მდგომარეობდა შემდგომში: არსებულ ტერიტორიაზე მდგომი შენობის დათვალიერება და შეფასება, გეოფიზიკის ინსტიტუტის მიერ წინასწარ შედგენილი ანკეტის შესაბამისად.
ჩვენმა ჯგუფმა სადგურის და "ტოლბუხინების" დასახლებაში არსებული ყველა ნაგებობა დეტალურად შეისწავლა. დავასურათეთ თითოეული შენობა. მივანიჭეთ დაზიანების ხარისხი, დავადგინეთ შენობის ასაკი, მესაკუთრე და ტერიტორიის ფართი.
ჩვენ მიერ შეგროვებული, დამუშავებული მასალა გადავეცით გეოფიზიკის ინსტიტუტს, რომლებიც ამ მონაცემებს გამოიყენებენ სეისმური რისკების გათვლის კვლევაში. ამავდროულად ზემოთ აღნიშნული მონაცემები საჭიროა მცხეთის გემგეგმის პროექტის მოსამზადებლად. 

     ა(ა)იპ "მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის", ურბანული დაგეგმარებისა და ისტორიულ-არქიტექტურული განყოფილების მიერ მოპოვებული მონაცემების საფუძველზე 20 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა, სადაც, ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერების მიერ წარმოდგენილი იყო სსიპ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სეისმური საშიშროების შეფასება საქართველოსთვის და სეისმური რისკი ქალაქ მცხეთისთვის თანამედროვე მიდგომებით“ შედეგები. მომხსენებლები იყვნენ პროექტის ხელმძღვანელი თსუ მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის სექტორის გამგე, მთავარ მეცნიერ თანამშრომელი დოქ. ნინო წერეთელი, ამავე ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერები ზურაბ გოგოლაძე და დავით სვანაძე, ასევე პროექტის უცხოელი კონსულტანტი, იტალიის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი საბჭოს გარემოს გეოლოგიისა და გეოინჟინერიის ინსტიტუტის მკვლევარი დოქ. მასიმილიანო მოსკატელი.

     მათ მიერ დამუშავებული მასალები, კერძოდ: სეისმური საშიშროების შეფასება საქართველოსთვის; ლოკალური სეისმური საშიშროების დადგენა (სეისმური მიკროზონირება) ქ. მცხეთის ტერიტორიისათვის სეისმური საშიშროებისა და რისკის შეფასების, ერთიანი მეთოდოლოგიით განხორციელებული სეისმური მიკროზონირების, განაშენიანების მოწყვლადობის შეფასებისა და ავარიული ზღვრული მდგომარეობის ანალიზის შედეგები გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას. ეს ინფორმაცია მნიშველოვანია მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავებისთვის, რათა შეიქმნას ისეთი ურბანული გარემო, რომელიც დაცული იქნება დამანგრეველი მიწისძვრებისგან და შემცირდება მოსალოდნელი დანაკარგები. ქ. მცხეთა პირველი ქალაქია საქართველოში, რომლის გენერალური გეგმის შემუშავება დაეფუძნება თანამედროვე მეთოდებით შეფასებული სეისმური საშიშროებისა და რისკის ახალ შედეგებს.

სტატიის ავტორი: ელენე ყიფიანი
25/12/2018 

გააზიარეთ თქვენს გვერდზე!!!