მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და საჯაროობის პრინციპის სრული მხარდაჭერით, ვასაჯაროებთ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრთან და კერძოდ მის დირექტორთან ქ-ნ მეხტილდ როსსლერთან მიმოწერას.
2 ნოემბრის ჩვენი ორგანიზაციის სახელით გაგზავნილ წერილზე პასუხი მივიღეთ გუშინ, 30 ოქტომბერს. მკითხველისთვის უკეთ გაცნობის მიზნით, წარმოგიდგენთ ტექსტის ელექტრონულ ვარიანტს, თუმცა ასევე თანდართულია წერილის pdf ვერსიაც.
რაც შეეხება ქ-ნ მეხტილდ როსსლერის პასუხს, წარმოგიდგენთ მის ინგლისურენოვან ვარიანტს, თარგმანის ზედმეტი ინტერპრეტაციებისან გამიჯვნის მიზნით.
ჩვენის მხრივ მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ მეხტილდს პიველ რიგში ყურადღებისათვის და რაც მთავარია ქალაქ მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში ადგილობრივი მხარის ჩართულობის აუცილებლობის კიდევ ერთხელ, უკვე პირადად გაცხადებისათვის.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორს
მის აღმატებულებას ქალბატონ მეხტილდ როსსლერს

თქვენო აღმატებულებავ,
პატივი მაქვს გადმოგცეთ მადლობა იმ ქმედებების გამო, რაც ქართულ მხარესთან ურთიერთობის მანძილზე, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა მცხეთის ისტორიული ძეგლების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში განახორციელა.
ჩვენი ორგანიზაციის საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2018 წლის 19-24 თებერვალს საქართველოში განხორციელებული რეაქტიული მისიის ანგარიშში ასახული რეკომენდაციები. იგი სახელმწიფო და ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურებისათვის ,,ქალაქ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ კვალიფიციურად შემუშავებისათვის სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენს.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გამოვხატოთ ქალბატონ ანნა სიდორენკოსთან მიმართებაში, რომელიც საქმიანი ვიზიტით არაერთგზის ეწვია მცხეთას და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში.
მიუხედავათ საქმიან ურთიერთობაში არსებული მრავალი პოზიტიური ცვლილებისა, შეშფოთებას გამოვხატავ იმ ფაქტის გამო, რომ გენ-გეგმის შემუშავების პროცესები არაადექვატურად დიდხანს გაგრძელდა. ეს პირველ რიგში აისახა მორატორიუმის გახანგძლივებაზე, რაც თავის მხრივ მოსახლეობის უკმაყოფილებას და მათი მხრიდან პროცესში ჩართული მხარეების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს.
განსაკუთრებული უნდობლობა გამოიწვია ადგილობრივ მაცხოვრებელში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში ამხანაგობა ,,აქოლისის“ მონაწილეობამ, რომლის ძირითად ბირთვს მცხეთის გენ-გეგმის შემუშავებაში 2012 და 2016 წლებში მონაწილე ორი კომპანია წარმოადგენდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ამა წლის 28 ივნისს ხელმოწერებით მოგვმართა მოსახლეობამ და მოითხოვა არ გაფორმებულიყო თანამშრომლობის მემორანდუმი მუნიციპალიტეტსა და პრეტენდენტ ჯგუფს შორის, მათი არაკომპეტენტურობისა და ქალაქისათვის დამაზიანებელი ქმედების გამო.
ჩვენმა ორგანიზაციამ მოახდინა პროცესებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზა, და როგორც ჩართულმა მხარემ, მივმართეთ სატენდერო კომისიას, რათა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო (მათ შორის კონცეპტუალური საკითხების ადგილზე და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრთან შეუთანხმებლობა), შეჩერებულიყო პროცესები. სივრცითი მოწყობის დეპარტამენტის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსტროდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურისდიქციაში გადასვლის გამო, ავტომატურად მოხდა ტენდერის შეწყვეტა.
შემდგომ, ამა წლის 22 სექტემბერს, მცხეთის არასამთავრობო სექტორის გაერთიანებამ ,,კოალიცია მცხეთისათვის“ წარმომადგენლებმა მოგვმართა წერილობითი თხოვნით, ,,თანა-მონაწილეობის“ პრინციპების გათვალისწინებით მოხდეს მათი ჩართულობის უზრუვნელყოფა დოკუმენტის შემუშავების პროცესში, რაც ჩვენი აზრითაც წასახალისებელია. იუნესკოს მემკვიდრეობის ცენტრის ექსპერტთა რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე მოთხოვნილია პროცესების დროული დაწყებაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 27 სექტემბერს მივმართეთ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რათა განხილული იქნას და შეფასება მიეცეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის CLT/HRWHC//EUR/16/8972, CLT/HRWHC//EUR/16/9311, CLT/HRWHC//EUR/16/9352, CLT/HRWHC// EUR/16/9352 და 2018 წლის 19-24 თებერვლის რეაქტიული მისიის ანგარიშებს. აღნიშნულ დოკუმენტებში არსებული რეკომენდაციებზე დაფუძნებით, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიასთან ერთად ჩავერთეთ სტრატეგიული ქმედებების განსაზღვრის პროცესში, რომელიც პირველ რიგში ინსტიტუციონალური ქმედებების განხორციელებას ისახავს მიზნად.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მოსახლეობის აქტიურობა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ადგილობრივ დონეზე არსებობს მზაობა, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რეალურად დაიწყოს გენ-გეგმის შემუშავების პროცესი.
ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ამ პროცესების განხორციელებაში მონაწილეობა მიიღოს მემკვიდრეობის ცენტრის შესაბამისმა ექსპარტებმა, რომლებიც მარტო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გენ-გენგმის შემუშავებაში კი არ დაგვეხმარება, არამედ პროცესებში ჩართული ყველა მხარისათვის იქნება ავტორიტეტული და კომპეტენტური მხარე ,,მრგვალი მაგიდის“ ფორმატში ყველას გაერთიანებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მზად ვართ უმოკლეს ვადებში განვიხილოთ თქვენი წინადადები ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.
ასევე მზად ვართ თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ვეწვიოთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეოს ოფისს სამუშაო ვიზიტით მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების განსახილველად. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიზნების და ამოცანების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფორმულირებისათვის, შესაბამის ექსპერტებს წარმოვუდგინოთ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები:
ორგანიზაციული განვითარებისათვის:
- მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო უზრუნველყოფითა და ხელშეწყობით, მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ორგანიზაციული პოტენციალი და განვახორციელეთ სხვადასხვა მასშტაბის პროექტები;
- მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან და ეროვნულ ტურისტულ დეპარტამენტთან;
- დაწყებულია თანამშრომელთა გადამზადების პროცესი ძეგლთა დაცვის სააგენტოში, რათა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოვახდინოთ არქიტექტურული და არქეოლოგიური ზედამხედველობის კვალიფიცირებული გაწევა;
- გადამზადების პროცესი ასევე ეხება სააგენტოს გეოსაინფორმაციო სისტემის ბაზის განახლებაში ჩართულობას და მუნიციპალური მასშტაბით მის მართვას;
- მონაწილეობას ვღებულოთ ტურისტულ გამოფენებსა და კონფერენციებზე.
ცნობიერების ამაღლებისათვის:
- საქმიანობის გამჭვირვალეობისა და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით შევქმენით ორგანიზაციის საიტი BAGINETI.GE, რომელსაც ასევე აქტიურად ვიყენებთ საინფორმაციო ციფრული ბანკის ფორმირების პროცესში;
- ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიის საფუძველზე, წარმატებულად ვთანამშრომლობთ იუნესკოს მიერ სერტიფიცირებულ მცხეთის №1 საჯარო სკოლასთან, სადაც ვახორციელებთ აქტივობებს მოსწავლეთათვის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის კუთხით;
- ძეგლთა დაცვის კუთხით რეგულარულად ვახორციელებთ სხვადასხვა სამოქალაქო აქციებს;
- ტურისტული საინფორმაციო ცენტრის (რომელიც ჩვენს იურისდიქციაშია) განვითარებისა და ვიზიტორებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების კუთხით, ხელშეკრულებები გავაფორმეთ გიდებთან და გადამზიდავებთან, ვმართავთ სემინარებსა და შეხვედრებს ტურისტული მომსახურებაში ჩართულ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან, ვგეგმავთ ტურისტულ მარშრუტებს, გამოვცემთ ბუკლეტებს და სხვადასხვა საინფორმაციო მასალას, ვაგროვებთ სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს.
გენერალური გეგმის შემუშავებისათვის:
- მცხეთის მიწათსარგებლობის საკადასტრო ინფორმაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფორმირების კუთხით, ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე, ჩართული ვართ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის ,,ქალაქ მცხეთის სეისმური მედეგობის დადგენის“ პროექტში, რომელიც დასრულების სტადიაშია და რომლის ბაზა მოიცავს ისტორიული მცხეთის მიწის მესაკუთრეთა დეტალურ საკადასტრო მონაცემებს - მცხეთის პასპორტს;
- მოვახდინეთ არქეოლოგიური და ბუფერულ ზონებში მესაკუთრეთა ზუსტი საკადასტრო მონაცემების იდენტიფიკაცია;
- დამუშავების სტადიაშია ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი კონცეპტუალური პროექტი ,,მცხეთის ისტორიულ ნაწილში მუზეუმების განვითარების კონცეფცია“, რომლის ინგლისურენოვანი ვარიანტი უახლოეს პერიოდში შეგვიძლია წარმოვადგინოთ;
- ვახორციელებთ ინფორმაციის შეგროვებას დემოგრაფიულ, ეკოლოგიური, სატრანსპორტო საკითხებისა და სხვა ურბანული ასპექტების კუთხით;
გვაქვს იმედი, რომ ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში, იქნება მამოძრავებელი ძალა გენ-გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული მხარეებისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამონაწილეობითი პროცესების განვითარებისათვის. ეს კი საბოლოო ჯამში მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის გარანტირებულ დაცვასა და წარმოჩინებაზე აისახება.
პატივისცემით,
დირექტორი: რევაზ მამულაშვილი 

იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორის, ქ-ნ მეხტილდ როსსლერის პასუხი:

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE