სოფელი ძალისი მდებარეობს მუხრანის ველზე, მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით. მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის მონაცემებით 2104 ადამიანი.
ძალისი ანტიკური ხანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქეოლოგიური ძეგლს წამოადგენს, 1971-1976 წწ. ძალისის მიდამოებში გამოვლინდა ანტიკური ხანის ნაქალაქარი.აღმოჩნდა სასახლისა და ტაძრის ნაშთები, მოზაიკიანი იატაკის მქონე აბანო, ტაძარ-სასახლის კომპლექსი, საცხოვრებელ ნაგებობათა ნაშთები, რომელთა ასაკი ძვ. წ. II - ახ. წ. VIII საუკუნეებით განისაზღვრა.
“დიონისეს ტაძარი”, სხვა ვერსიით ტრიკლინიუმი – საბანკეტო დარბაზი, 48.6 კვ. მეტრის ფართობის სივრცეა. შესაძლებელია აქ თავის დროზე დიონისეს სახელთან დაკავშირებული რიტუალური დღესასწაულები იმართებოდა. მოგვიანებით, VII-VIII საუკუნეებში დარბაზის თავზე მარანი გამართეს – კუთხეებში და ცენტრში საერთო ჯამში 1500 ლიტრი ტევადობის 13 ქვევრია ჩაყრილი, რომლებმაც მოზაიკის ცენტრალური ნაწილი ნაწილობრივ დააზიანა. შესამჩნევია ხანძრით დაზიანების და შეკეთების კვალიც – როგორც ჩანს იმ პერიოდში, როცა დარბაზს პირვანდელი დანიშნულება უკვე დაკარგული აქვს, დაზიანებული უბნები აღარ აღადგინეს და კირხსნარით მოლესეს.
FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE