ახალი ტურისტული მარშრუტი

ააიპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი“ შიდა ტურიზმის გააქტიურების მიზნით, ბიზნეს-სექტორის საინფორმაციო მხარდაჭერასთან ერთად, აგრძელებს კონკრეტული პროექტების შემუშავებას.
ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაცია და სექტორში ხარისხის გაუმჯობესება კომპლექსური მიდგომის გამოყენებით უნდა განხორციელდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს საინტერესო და სანახაობებით მდიდარი ტურისტული მარშრუტების შემუშავებას.
ცენტრმა ჩამოაყალიბა სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, ამ ეტაპზე ქალაქ მცხეთაში ფორმირებულ იქნა შიდა ხუთი მარშრუტი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლებზე აქცენტირებული სამი მიმართულება. აღნიშნული აქტივობების ფარგლებში, დაგეგმიალია სარეკლამო მასალის - ფლაერების და ბუკლეტების გამოცემა, მუნიციპალიტეტის ტურისტული რუკის გამოცემა, დამზადდება ვიდეორგოლები. ფორმირებული მასალა ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისათვის უახლოეს ხანებში ხელმისაწვდომი იქნება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, რომელიც უშუალოდ სვეტიცხოვლის ცენტრალურ შესასვლელთან არის განთავსებული.
მუნიციპალური პირველი მარშრუტის ფორმირების მიზნით, პროექტირებაზე მომუშავე ჯგუფმა მოვინახულეთ სოფ. წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი, ძალისას არქეოლოგიური ცენტრი და შატო-მუხრანი.

წილკანისა და დუშეთის საეპარქიო კათედრალი - წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი და კომპლექსი (IV ს.) ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლია, რომლის მშენებლობა წმ. მირიანის ძეს ბაკურ II-ს უკავშირდება. ისტორიითა და ქრისტიანული მემკვიდრეობით მდიდარი არქიტექტურული შედევრი სანახაობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, როგორც მორწმუნეთათვის, ისე ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორთათვის. 

    ძალისას ნამოსახლარი არა მარტო ქვეყნის მასშტაბის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია. ამას მოწმობს უცხოელი და კერძოდ იტალიელი ექსპერტების აქტიური ჩართულობა ძეგლის კვლევისა და კონსერვაციის საკითხებში. რომაული აბანოები, აუზი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ანტიკური ხანის ,,დიდი მცხეთის“ მაღალ განვითარებაზე მოწმობს. 

   კვლევა და შესაბამისად ტურისტული მარშრუტი დავასრულეთ შატო-მუხრანში. მუხრანბატონის სასახლე მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული 19 ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლების სიაშია და თავისი პოლიფუნქციური დატვირთვით ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია. მიუხედავათ იმისა, რომ რომ არსებული ღვინის ქარხანა, ისტორიული მარანი და მიმდებარე ლანდშაფტური გარემო ვენახებით ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, მიმდინარე რესტავრაციის პროცესის დამთავრების შემდეგ იგი კიდევ უფრო სრულყოფილი წარსდგება მნახველების წინაშე. 

  ზემოაღნიშნული სამი მნიშვნელოვანი ობიექტის ერთობლიობა, ჩვენი აზრით ტურისტული მარშრუტის სანახაობრივ მხარეს მნიშვნელოვნად გაზრდის. მითუმეტეს, ისტორიული და ორგანული კავშირი მათ შორის რეალურად არსებობს. ვიზიტორს მიღებული კომპლექსური ინფორმაცია, ქართული კერძების დეგუსტაცია და ქართლის სოფლის შემოგარენის ლანდშაფტური სილამაზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის.

ვფიქრობთ, რომ სტატიაში გადმოცემული ინფორმაცია ზედაპირულია ძეგლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამიტომ შემდგომ სტატიებში ინდივიდუალურად ვისაუბრებთ მათი ისტორიისა თუ საკრალური ღირებულებების შესახებ.


ინა ყურაშვილი
საფინანსო-საორგანიზაციო განყოფილება
02.07.2020