პირველი ნაბიჯი პომპეუსის ხიდის გადასარჩენად

(განმეორებითი სტატია)



ააიპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა" 5 ოქტომბერს მივმართეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ,,პომპეუსის ხიდის" რეაბილიტაციის წინასაპროექტო წინადადებით.
საკითხი განხილული იქნა სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე. განხილვისას აღინიშნა, რომ წინადადება მისაღებია და საჭიროებს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ასახული სამუშაოების განხორციელებას კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მკითხველს ვთავაზობთ წინასაპროექტო წინადადებას რომელიც უკვე მსჯელობის საგანი გახდა:
..პომპეუსის ხიდის“ რეაბილიტაციის წინასაპროექტო წინადადებება
პომპეუსის ხიდი (მოგვთახიდი) მდებარეობს ქალაქ მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე არსებული გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით 100 მეტრში. ამჟამად იგი დაფარულია მდინარის მიერ.  

სამეცნიერო ლიტერატურასა და ადგილობრივ მოსახლეობაში მტკვარზე გადებული ძველი ხიდი უფრო ხშირად მოიხსენიება, როგორც „პომპეუსის ხიდი“, თუმცა კი ხიდი პომპეუსამდეც არსებობდა.
ამ ხიდს უნდა ემუშავა დაახლოებით ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან მაინც, როდესაც ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო. მცხეთა ამ საერთაშორისო სავაჭრო გზების გზაგასაყარზე მდებარეობდა, რაზეც არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური წყაროებიც მოგვითხრობს.
ძვ.წ. 65 წელს მცხეთა და მტკვარზე გადებული ხიდი გახდა საბრძოლო ასპარეზი ქართლის მეფე არტაგსა და რომაელ სარდალ გნეუს პომპეუსს შორის. ძვ. წ. 65 წლის გაზაფხულზე პომპეუსი თავს დაესხა არტაგს არმაზციხესთან. ქართლის მეფემ სამეფო რეზიდენცია უბრძოლველად დატოვა, მცხეთაში გადავიდა და მტკვარზე გადებული ხის ხიდი დაწვა.
რომაელებმა არმაზციხე აიღეს. არტაგმა ითხოვა ზავი, ხიდიც აღადგინა და რომაელებისათვის სურსათიც გაიღო. პომპეუსმა ამით ისარგებლა, მტკვარზე გადავიდა და მდინარე არაგვის ხეობას აჰყვა. ქართველები დამარცხდნენ და არტაგი იძულებული იყო ისევ განეახლებინა საზავო მოლაპარაკება.
ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს ხიდის ყურში ქართლის მეფე ფარჯამოსს დაუსახლებია სპარსეთიდან ჩამოყვანილი მოგვები. სწორედ მათგან მიიღო ამ ადგილმა სახელწოდება „მოგვთაკარი“, ხოლო ხიდმა — ,,მოგთა ხიდი".
წინაქრისტიანულ პერიოდში ამ ადგილს უკავშირდება ელიოზის მიერ მცხეთაში იესოს კვართის შემობრძანება და ქალაქის შესასვლელთან სიდონიას დახვედრის ისტორიული ფაქტი. წმინდა ნინოს მცხეთაში ვაზის ჯვრით ქრისტიანობის ქადაგებაც სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო, რაც ერთობლიობაში ადგილის საკრალურ მნიშვნელობას, როგორც მოვლენათა კარიბჭეს, უდაოს და გრანდიოზულს ხდის.
V საუკუნეში ირანელებთან ბრძოლის დაწყების წინ ხიდი შეუკეთებია და 60 მხარით გაუფართოვებია ვახტანგ გორგასალს.
ქართლის ცხოვრებაში ნახსენები სიტყვა „დანაფართა“ გულისხმობს არა ძველის დანგრევას და მის ადგილზე ახლის აშენებას, არამედ მანამდე არსებული 20 მეტრი სიგრძის ერთმალიანი ხის ხიდისათვის რეკონსტრუქციის ჩატარებას, მას თავიდან ორივე მხარეს ჰქონდა დახშული მისასვლელები, რომლებიც აბრკოლებდნენ ხიდის ქვეშ წყალის მსვლელობას. ვახტანგ გორგასალის დროს ეს მთლიანი მისასვლელები ჩაანაცვლა თაღოვანმა სარკმლებმა (მარცხენა სანაპიროსთან ხუთი და მარჯვენა სანაპიროსთან სამი). ამრიგად არსებული ოცმეტრიანი ხიდი გაფართოვდა 60 მხარით ანუ 100-120 მეტრით. ამ სახით მოგვთა ხიდმა იარსება დაახლოებით 1350 წლის განმავლობაში.
ხიდს შუაში კუთხური გარდატეხა ჰქონდა, რაც გამოწვეული იყო მალებს შორის მდებარე კლდოვანი კუნძულით, რომელიც გამოყენებული იყო როგორც ხიდის შუა საყრდენიბურჯი.
მოგვთა ხიდის მისასვლელთან ადრე იდგა სადარაჯო ციხე-კოშკი, რომელიც დაანგრიეს და 1841 წლის ხიდის მშენებლობისას გამოიყენეს ხიდის მარცხენა ნაპირის მისასვლელის კონტრფორსების მოსაწყობად. კოშკები შემორჩა ლაიელისა ჩანახატში, ჩერნიცოვის ფერწერაზე მხოლოდ ერთი, მარჯვენა სანაპიროზე არსებულია დაფიქსირებული. 

პომპეუსის ხიდი კოშკებით. რობერტ ლაიელის ჩანახატი. 1825 წ.

  პომპეუსის ხიდი კოშკით. ნიკანორ ჩერნიცოვის ფერწერა. 1832 წ.

XVIII საუკუნეში ხიდის მოვლა დაევალათ მცხეთელ აზნაურებს - გედევანიშვილებს, რომლებსაც უფლება მიეცათ შრომის საფასურად აეკრიფათ სახიდე გადასახადი.
XIX საუკუნეში მძიმე ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად პომპეუსის ხიდის გამოყენება სახიფათო გახდა, ამიტომ ძველი ხიდი დაანგრიეს და მის ადგილას 1839-1841 წლებში ააშენეს მაღალი ოთხმალიანი ქვის თაღოვანი ხიდი. ინჟ-მშენებელი პოლკოვნიკი ტერმინისმიერ აგებული ნაგებობა ექსპლუატაციაში იყო 85 წლის განმავლობაში. 

ამ ხიდს საერთო სიგრძე იგივე ჰქონდა, რაც ვახტანგისეულს. ამ უკანასკნელისაგან მხოლოდ დიდი და ფართო აგურის თაღებით განსხვავდებოდა. საერთოდ ეს იყო ქვის პირველი ხიდი, რომელიც მეფის რუსეთში აშენდა. უნიკალურია ასევე ხიდის მასიური ქვების გადაბმა ჩასხმული ტყვიის ტექნოლოგიით.

  1926 წელს ზაჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთდა ჯებირები, რის გამოც პომპეუსის ხიდი წყლით დაიფარა და მის მაგივრად დასავლეთით აშენდა ახალი რკინის სამმალიანი ხიდი.
საბჭოთა პერიოდის 30-იან წლებში, იმის გამო, რომ ხიდი წყალდიდობისას წყლის დიდი მასების გატარებას აფერხებდა, მოხდა მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან მდებარე მალის აფეთქება და ორი მცირე თაღის ჩამონგრევა.
დღესდღეობით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ხიდის წყლის დინების მიმართ ფრონტალური მხარე, რომელიც ყოველწლიური წყალდიდობების შედეგად მნიშვნელოვან დაზიანებებს ღებულობს. 

საბჭოთა პერიოდის 80-იან წლებში, წყალქვეშ მდებარე ხიდის ადგილმდებარეობის წარმოჩინების მიზნით, მასზე მოხდა რკონა ბეტონის მასიური კონსტრუქციის დაშენება, რომელიც ვიზუალურად დახვეწის მიზნით მოპირკეთდა ნიჩბისის კირქვით. ამან კიდევ უფრო დაამძიმე ხიდის მდგომარეობა, რადგანაც წყალდიდობისას წარმოქმნილმა წყლის მასებისა და მოტანილი მყარი ინერტული მასალის ტურბულენტურმა მოძრაობამ მოახდინა ზედაპირის სწრაფი დაშლა-ეროზია.

  ასევე მძიმე მდგომარეობაშია ხიდის კონტრფორსების ნარჩენი ნაწილი, რომელსაც წყლის ეროზიული ზემოქმედების შედეგად, განსაკუთრებულად აქვს დაზიანებული მტკვარში მოქცეული ნაწილი.
დღეის მდგომარეობით, არსებობს კედლის მთლიანად ჩამოშლის საშიშროება, რაც როგორც მისი ისტორიული ღირებულების, ისე მიმდებარე მოსახლეობის ნაკვეთების ნაწილის სრულად განადგურებას გამოიწვევს. 

  ხიდის რეაბილიტაციისათვის, ჩვენი აზრით გადასადგმელია დაუყოვნებელი ნაბიჯები რომლის განხორციელებაც შემდეგი თანმიმდევრობით მიგვაჩნია:
უნდა შეიქმნას შესაბამისი კომპეტენციით და კადრებით დაკომპლექტებული უწყებათაშორისი კომისია (ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდი), რომელმაც უნდა განსაზღვროს ხიდის მდგომარეობა და შეიმუშავოს რეაბილიტაციის კონცეპტუალური მიდგომა;
აღნიშნულთან დაკავშირებით, UNESCO-საქართველოს შეთანხმების ფარგლებში, საოპერაციო სახელმძღვანელოს 172-ე პარაგრაფის შესაბამისად, უნდა ეცნობოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრს, რათა უზრუნველყონ ჩართულობა, საექსპორტო დასკვნების მომზადებისა და ტექნუკური დახმარების გაწევის მიზნით.
უნდა გატარდეს შესაბამისი საინფორმაციო საქმიანობა ხიდის ისტორიული ღირებულების წარმოჩენისა და მისი არსებობის საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. პირველ რიგში, მოსაზღვრე მოსახლეობას უნდა ეცნობოს იმ საფრთხეების შესახებ, რაც მისმა ჩამონგრევამ შეიძლება გამოიწვიოს, ასევე იმ დადებითი ეფექტის შესახებ, რაც რეაბილიტაციამ ადგილზე ტურისტული ნაკადების მოზიდვით შეიძლება შექმნას.
ადგილობრივი ძალებით, გადაუდებლად უნდა მოიხსნას ხიდზე არსებული ზედნაშენის დემონტაჟი.
მისი ისტორიული და ურბანული ღირებულებებიდან გამომდინარე, უნდა მიემართოს ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რათა მოხდეს ხიდის შეყვანა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში;
ხიდის რეაბილიტიცასიის კონცეპტუალური პროექტის ჩამოყალიბების შემდეგ უნდა გამოცხადეს ტენდერი პროექტის შემუშავებისათვის.
აღდგენის პროექტთან ერთად უნდა დაპროექტდეს მიმდებარე ტერიტორიაც (მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები) ურბანული განაშენიანების ჭრილში. მითუმეტეს მტკვრის მარჯვენა სანაპირო იძლევა იმის საშუალებას, რომ განთავსდეს მცირე მუნიციპალური ავტოსადგომი, სამომავლო პერსპექტივაში საბაგირო გზით ბაგინეთის (სამი გამოქვაბულის ტერიტორია) მთასთან. ეს დამატებითი ტურისტული მარშრუტის და სოფელი კარსანი - წმინდა ნინოს ეკლესიის შექმნის საშუალებასაც მოგვცემს, საიდანაც იშლება განუმეორებელი ხედები მცხეთასა და მტკვრისა და არაგვის ხეობებზე.
პროექტის შემუშავების შემდეგ უნდა მოხდეს შეთანხმება ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მფლობელ კომპანიასთან, რათა კალაპოტის გამწმენდი ღონისძიებების ხანგძივობა დაემთხვეს სარეაბილიტაციო სამუშაობის განხორციელებას.
პროექტის განხორციელების სირთულიდან გამომდიარე (ხიდის დაშლა და წყლის დონიდან 3 მეტრით ზემოთ აღდგენა რკინა-ბეტონის მზიდი კონსტრუქციით), საჭიროა სამშენებლო სატენდერო პირობებში განისაზღვროს გამოცდილების მაღალი ხარისხი.
ხიდის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე,, ჩამოთვლილი ღონისძიებები უნდა გაიწეროს დროში, რადგანაც თითქმის 100 წლოვანმა ყოფნამ წყალქვეშ, მისი არსებობა ყოველდღიური საშიშროების წინაშე დააყენა.
იმედია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კოორდინაციით, შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებისა და დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით, რეალობაში მოხდება პრობლემის დაძლევა. ხიდის შენარჩუნება ნიშნავს, შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს საქართველოს ჩამოყალიბების პირველი ფურცლიდან დაწყებული დღევანდლობამდე ამ ადგილის ისტორიის საკრალური მნიშვნელობა, შევქმნათ გარშემო ინფრასტრუქტურა და ტურიზმის განვითარება და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-წარმოჩინება წარმატებულად დავუკავშიროთ ერთმანეთს. 

FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE