ოლღას მონასტერი — მცხეთის დედათა მონასტერი
ოლღას მონასტერი — მცხეთის დედათა მონასტერი, მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის პირისპირ, მთის კლდოვან ფერდზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სამონასტრო კომპლექსი აგებულია XI-XII საუკუნეებში.
აქ არსებული სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიები. 1609 წელს ლუარსაბ II-საგან დევნილმა გიორგი სააკაძემ თავის ახლობლებთან ერთად მონასტერს შეაფარა თავი. ისტორიული წყაროების მიხედვით ამ ადგილას სამი ეკლესია იდგა: წმ. ეკატერინესი, ღვთისმშობლის მიძინების და წმ. მოწამე მარინესი.
მონასტერს უჩვეულო ისტორია აქვს. XXს-ის დასაწყისში მცხეთის გასწვრივ რკინიგზა გაჰყავდათ, რომელსაც საქართველოს მთელი ტერიტორია უნდა გადაეჭრა თბილისიდან შავი ზღის სანაპირომდე. სამუშაოებს გამოცდილი ინჟინერი ხელმძღვანელობდა. ჯილდოდ ხელისუფლებამ მას მთის კალთაზე მდებარე ხშირი ტყით დაფარული მიწის ნაკვეთი გადასცა. ერთხელ, ნაკვეთის დათვალიერებისას, ინჟინერმა ხეებსა და ბუჩქნარს შორის ჩამალული დიდი ლითონის ჯვარი დაინახა. მან ჯვრის ამოთხრა გადაწყვიტა. დაიწყეს მიწის გათხრა და აღმოჩნდა, რომ ჯვარი ეკლესიის გუმბათს ეკუთვნოდა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მიწის საფარის ქვეშ იყო მოქცეული.
გათხრები განაგრძეს და რამდენიმე კვირის შემდეგ, საშუალო სიდიდის ეკლესია დაინახეს, რომელიც თითქოს უვნებლად გადარჩენილიყო, კარიც კი ურდულით იყო ჩარაზული. ტაძარში ღვთისმშობლის მომცრო ხატი იპოვეს, რომელზეც იგი თავსაბურავის გარეშე იყო გამოსახული. მოგვიანებით აღმოაჩინეს მოწმობა, რომ მცხეთის გასწვრივ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სინას ბერებმა ოდესღაც დააარსეს სავანე წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობაზე.
მცხეთიდან რკინიგზის მშენებლობის სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობდა. მთაში გვირაბის გაყვანა იყო დასამთავრებელი... და აი, ინჟინერმა აიღო რევოლვერი, ლულა საფეთქელთან მიიდო და იქამდე გამოკრა სასხლეტს ხელი, სანამ ვინმე მოასწრებდა ხელის შეშლას. ამ სიკვდილმა განსაკუთრებით შეძრა გარდაცვლილის მეუღლე ოლღა და მან გადაწყვიტა, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მას დარჩა, დედათა მონასტერი აეგო - შენობა და რამდენიმე სახლი მიწიდან ამოთხრილი ეკლესიის გარშემო. ოლღამ თავისი ცხოვრება მიუძღვნა დედათა მონასტრის შექმნას. ის მონაზვნად აღიკვეცა და როცა მონასტერი ააგეს, ეკლესია მოაწესრიგეს და აკურთხეს, იგი პირველ იღუმენად აღიკვეცა. ის დაკრძალეს მოციქულთასწორი დიდი მთავრის - ოლღას სახელზე ნაკურთხ ეკლესიაში. ამ ეკლესიის მთავარი სიწმინდეა გათხრებისას ნაპოვნი ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც თავყვანს სცემენ, როგორც სასწაულმოქმედს. მასთან მრავალი სასწაული მომხდარა. მაგალითად, მოხუცი მონაზვნების გადმოცემით, რევოლუციის წინ, ხატთან თავისით აინთო კანდელი თითქოს გასამხნევებლად, რათა მომავალ ქარტეხილებს არ ჩაექროთ რწმენის ალი სავანის ბინადართა გულებში.
სქიმიღუმენია ოლღას გარდაცვალების შემდეგ, მან თითქოს უხილავად დაისადგურა თავის საფლავზე. ძნელბედობის დროს, განსაცდელში მყოფი მონაზვნები, ხშირად ტიროდნენ თავიანთი იღუმენიის საფლავზე და ლოცვას შესთხოვდნენ მას. აქ მოდიოდნენ ისინი, ვინც იცნობდა დედა ოლღას. მოდიოდნენ, როგორც უწინ, მუდმივი თანამგზავრების-მათი დარდების თანხლებით და უკან შემსუბუქებული ბრუნდებოდნენ, თითქოს სატკივარის ნაწილი საფლავთან რჩებოდა.
ელენე ყიფიანი
26.07.2018
FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE