მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში შესული ,,მცხეთის ისტორიული ძეგლების“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაცვა და კონსერვაცია, ისევე როგორც მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შესწავლა, შენარჩუნება, ჩვენი ორგანიზაციისათვის მთავარი გამოწვევის რანგში უნდა განვიხილოთ. ჩამოთვლილი ქმედებების განსახორციელებლად კი, პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ და მოვახდინოთ მისი პოპულარიზაცია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
მსოფლიო მემკვიდრეობის მატერიალურ თუ არამატერიალურ ძეგლების ნუსხაში ყოფნა, ცნობადობის თვალსაზრით არის უმნიშვნელოვანესი და საგარეო ასპარეზზე ქვეყნით დაინტერესებას უწყობს ხელს. ეს კი პირდაპირ აისახება ტურიზმის განვითარებაზე. იუნესკოში ყოფნა ასევე მნიშვნელოვანია მეცნიერული კვლევების დაწყებისა და დაფინანსების თვალსაზრისით. იგი ასევე გულისხმობს კიდევ სხვადასხვა აქტივობებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
სწორედ ამიტომ, ორგანიზაციულად დავიწყეთ პროექტის შემუშავება - ,,მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩინება და ტურიზმის განვითარება“. აღნიშნული დასრულებული სახით, უახლოეს მომავალში წარედგინება განსახილველად დამფუძნებელ ორგანიზაციას - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას.
პროექტის ძირითადი ღერძია ის რომ, ქალაქი მცხეთა, ქართული სახელმწიფოებრივობის ფორმირების ისტორიული ცენტრია. ამიტომ თუ გადავავლებთ თვალს მსოფლიოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქართული ძეგლების ჩამონათვალს, დავინახავთ მათ კავშირს ძველ დედაქალაქთან.
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დღეისათვის წარმოდგენილია 1073 ძეგლი, მათ შორის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 3 ძეგლი: მცხეთის ისტორიული ძეგლები, გელათის სამონასტრო კომპლექსი და ზემო სვანეთი.
რაც შეეხება არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, 2003 წელს იუნესკომ მიიღო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია, რომელსაც 2007 წელს საქართველოც შეუერთდა.
2008 წელს, კონვენციაზე მიერთების შემდეგ, ქართული მრავალხმიანობა შეიტანეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში, ასევე 2013 წელს ქვევრის ღვინის უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი. ხოლო ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა, 2017 წელს.
მსოფლიოში არსებული 14 ანბანიდან, ქართული პირველია, რომელიც მსოფლიო მემკვირეობის ნუსხაში მოხვდა და ასევე რომელსაც ანბანის სამი ცოცხალი სახეობა აქვს (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული).
სწორედ ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის წარმოჩინებით, გადავწყვეტეთ დავიწყოთ არამატერიალური კულტურის ძეგლების პოპულარიზაცია მცხეთაში და ამას თავისი ლოგიკური საყრდენი გააჩნია, რადგანაც სწორედ აქ, პირველი მეფის - ფარნავაზის მმართველობის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ჩვენს დამწერლობას.
ჯერ კიდევ სოციალისტური წყობილებისას, წლების განმავლობაში განიხილებოდა, რომ მცხეთის შემოსასვლელში, მოედანზე მეფის ქანდაკება განთავსებულიყო, როგორც სიმბოლო ქართული სახელმწიფოებრივობის და დამწერლობის საწყისისა. მართალია ამ საინტერესო აზრს არ ეწერა განხორციელება, მაგრამ ერთეულებმა თუ იციან რომ ქართული დამწერლობის ძეგლი, ფარნავაზის დომინანტური გამოსახულებით მცხეთაში რონ არსებობს.
აშკარაა, რომ ღართიკარის შესასვლელში განთავსებული ეს ძეგლი ჩაკარგულია და სრულიად არ იკითხება. ამიტომაც გადავწყვიტეთ შევიმუშაოთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კომპოცია დაუშლელად გადავიტანოთ და განვათავასოთ ტურისტული ნაკადების უშუალო სიახლოვეს. ასეთი ადგილი კი იუსტიციის სახლის დაწყებულ მშენებლობის ადგილას გვეგულება.
ჩვენი აზრით, ეს რამდენიმე მიმართულებით გამოიღებს დადებით ეფექტს:
პირველ რიგში წარმოვაჩენთ ,,დაკარგულ“ ძეგლს;
შესასვლელში არსებული ამ ექსპონატით დაიწყება ღია ცის ქვეშ ქართული დამწერლობის მუზეუმის შექმნა;
უსახურ ტერიტორიას, რომელიც ტურისტული სვლაგეზის ცენტრში მდებარეობს, გაუჩნდება მრავალფუნქციონალური დატვირთვა;
ერთ სივრცეში შესაძლებელი იქნება სხვა როგორც ეროვნული, ისე მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლების წარმოჩინება;
ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მუზეუმის განთავსება ბიძგს მისცემს ტურისტული ნაკადების მოზიდვას, რაც თავის მხრივ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, გარშემო ტერიტორიებზეც აისახება.
ჩვენი სამომავლო ქმედებები უფრო სრულყოფილი რომ იყოს, ორგანიზაციული გაძლიერების მიზნით, სამოქალაქო საწყისებზე ვქმნით ,,მრჩეველთა საბჭოს“. საბჭოს ქმედითუნარიანობისათვის შემადგენლობა 7 წევრით განისაზღვრა და მასში გაწევრიანების მსურველებმა გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე ქ. მცხეთა, მამულაშვილის 12 ა.
რაც შეეხება ძეგლს, მისი ადგილის ცვლილება და რესტავრაცია საჭიროა შეთანხმდეს ავტორთან, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, არ იძებნება. ვიცით ეპიტაფიაზე გამოსახული შემდეგი ინფორმაცია ,,ლერი თეოფილის-ძე სულაძე -1986 წელი“. თუ ვინმეს გაგაჩნიათ აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაცია, ჩვენი თხოვნაა მოგვმართოთ ზემოთაღნიშნულ მისამართზე ან ინტერნეტგაზეთის ფეისბუქგვერდზე მოგვწეროთ.
წარმოვაჩინოთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მცხეთაში!
პატივისცემით,
ა.(ა).ი.პ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი“
FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE