დღეს, 2 მარტს, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ,,გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო ინსტიტუტსა და ა.(ა).ი.პ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრს შორის“.
მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტული აქტივობების განხორციელება. კერძოდ, სტუდენტებს მიეცემათ სასწავლო პროცესის ფარგლებში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილებები ცენტრთან არსებულ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში. თავის მხრივ, კვალიფიცირებული კადრები გამოადგება საქართველოში მოქმედ ტურისტულ ინდუსტრიას, რაც თავის მხრივ წაადგება მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩინებასა და ეკონომიკის პოტენციალის გაზრდას.
ცენტრის ხელმძღვანელმა რევაზ მამულაშვილმა მადლობა გადაუხადა ტურიზმის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს, ქ-ნ ლალი რევიას თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის და აღნიშნა, რომ მცხეთაში აღნიშნული ინსტიტუტი პოპულარობით სარგებლობს და ბევრი ადგილობრივი მოსახლე არის მისი კურსდამთავრებული. რაც შეეხება ტურიზმის განვითარებას, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდეცია გაგრძელდეს. ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობამ უნდა მიიღოს შესაბამისი განათლება, რათა კვალიფიცირებულად წავრსდგეთ ვიზიტორთა წინაშე. ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის კომპეტენტურად წარმოჩინება პირდაპირ აისახება ტურისტის სურვილზე, რეკომენდაცია გაუწიოს თავის ქვეყანაში გარშემო წრეს საქართველოს მონახულებისათვის. ამავე დროს აღინიშნა, რომ ეს არის ის სფერო, რომელიც უზრუნველყოფს ახლგაზრდობის დასაქმებას და საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ შემოდინებას.
თავის მხრივ ,,გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო ინსტიტუტის“ დეკანმა, პროფესორმა ბ-ნმა გელა ადამაშვილმა მადლობა მოიხადა თანამშრომლობის დამყარებისათვის და აღნიშნა, რომ საერთო მიდგომები რეალურად გაზრდის, როგორც მცხეთის ტურიზმის, ისე ინსტიტუტის პოტენციალს.
FACEBOOK COMMENTS WILL BE SHOWN ONLY WHEN YOUR SITE IS ONLINE