ბებრისციხე

        ბებრისციხე -ადრეული შუა საუკუნეების ძეგლია, რომელიც გვიანანტიკური პერიოდის ნაგებობაზე (ციხეზე ) დგას. ბელტის (ძველი დასახელება) ციხის ტერიტორიაზე 60-იან წლებში გავლებულ იქნა საკონტროლო თხრილები, რომლებშიც დადასტურდა ანტიკური ხანის ჭურჭლისა და კრამიტის ნატეხები. 

           1983 დაიწყო საკონსერვაციო სამუშაოები. ბებრის ციხის დასავლეთ კედლის გასწვრივ, შუა ნაწილში არსებული ბურჯის შეერთების ადგილზე კედლის საფუძვლის ქვეშ აღმოჩნდა ნატეხი ქვიშაქვით ნაგები კედლის წყობის ორი რიგი, რომელზედაც ალიზის კედელი ყოფილა ამოყვანილი. დადასტურდა აგრეთვე ანტიკური ხანის წითლად შეღებილი, თხელკეციანი თიხის ჭურჭლისა და წითლად შეღებილი კრამიტის ნატეხები.

            ქართულ წერილობით წყაროებში ბებრისციხეს პირველად ახსენებს ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, რომლის თანახმადაც საქართველოს მეფე დემეტრე I (1125-1156 წწ.) გარდაიცვალა ბელტისციხეში. შემდეგ იგი გადაასვენეს გელათში და მისგანვე კურთხეულ ტაძარში დაკრძალეს.

          ბებრისციხე (ბელტისციხე) თითქმის თანაბარი ზომის ქვატეხილითაა ნაგები. შედგება ორი ნაწილისაგან: ციტადელისა და ქვედა ეზოსაგან . ციტადელი - დედაციხე გეგმაში სამკუთხა მოყვანილობისაა. ყოველ კუთხეში თითო კოშკი დგას, ყველაზე დიდი კოშკი _ დონჟონი სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშია აღმართული. მას არამარტო თავდაცვითი, არამედ საცხოვრებელი დანიშნულებაც ჰქონია. შემორჩენილია ოთხი სართული, ხოლო სართულშორისი მანძილი 3 მეტრია.ბელტისციხის ჩრდილოეთის კოშკიც დონჟონის მსგავსია, ოღონდ შედარებით მცირე ზომისაა, იგი სამსართულიანია. ორივე კოშკში ერთი საინტერესო დეტალია შემორჩენილი: ღრმა ნიშებში განლაგებულია საბრძოლო ხვრელები, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა მშვილდ-ისრის სროლა. მესამე, აღმოსავლეთის კოშკი ასევე დანგრეულია და მოგვიანებით ამ ადგილას, გაუქმებული ციხის ტერიტორიაზე, საგუშაგო კოშკი აუგიათ, რომელიც იქვე მდგარი კოშკისაგან განსხვავებით ცილინდრული ფორმისაა.

            ბებრისციხის მშენებლობას XVIII ს. ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი არდამ ქართლის ერისთავს მიაწერს, რომლის ზეობა ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების პერიოდს უნდა ემთხვეოდეს. ბებრისციხე-ბელტისციხე მცხეთა ქალაქის ჩრდილოეთიდან ჩამკეტი მცველის როლს ასრულებდა. იმ ადგილას, სადაც იგი დგას, ხეობა მეტად ვიწროა, შესაბამისად ციხე წარმატებით იცავდა ქალაქს ამ მხრიდან.

            2006-2008 წლებში ციხეზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილმა მრავალრიცხოვანმა და სხვადასხვა პერიოდის მასალამ ცხადყო, რომ IV ს-დან მოყოლებული ვიდრე XVIII ს ჩათვლით ბებრისციხე მოქმედი ციხე-სიმაგრე იყო.