კარსნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

ეკლესია დამრეც რელიეფზე მოსწორებულ სუბსტრუქციაზეა აღმართული. გარშემო ქვით მოპირკეთებული ბილიკია მოწყობილი. ის წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას. მისი სიგრძე 8,2 მ. - სიგანე 5,7 მ-ია. ნაგებია ოთხკუთხა აგურით. (აგურის ზომებია: 25×25 სმ-ზე, სისქე 5 სმ). ეკლესიის საძირკველთან, (ფასადზე) კუთხეებში ჩატანებულია კლდის თლილი კვადრები. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, აგურის წყობაში ჩატანებულია მოგრძო, თლილი კლდის ქვა. კედლების სისქე 65-70 სმ-ია. ეკლესიის დიდი ნაწილი დანგრეული იყო, კედლების შემორჩენილი სიმაღლე 1 მ-დან 2 მ-მდე მერყეობდა

ეკლესია აღდგენილია. განახლებულ კედლებში ჩანს ძველი ნაგებობის ნაშთი. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ბოლოვდება ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც ვრცელი დარბაზისგან ერთი საფეხურით, მხრებითა და სატრიუმფო თაღით გამოიყოფა. 

საკურთხევლის იატაკს, შუაში, ამბიონი ერთვის. პილასტრები კაპიტელებით არის გაფორმებული. აფსიდის შუა ღერძზე, შიდა სივრცისკენ მკვეთრად გაშლილი სარკმელია გაჭრილი. მის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას. აფსიდის კედლებში, იატაკის დონიდან, მოწყობილია სამი თაღოვანი ნიშა. ჩრდილოეთი კედელლის განაპირას მდებარე ნიშა შედარებით ვიწროა. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია დატანილი. ღიობებისა და ნიშების თაღები აგურის განსხვავებული წყობა, კედლის ერთიან სიბრტყეზე მოჩარჩოების იმიტაციას ქმნის. დასავლეთის კედლის კუთხეებში პილასტრებია ჩასმული, რომლებსაც ასევე კაპიტელები ამკობს. იატაკი ქვის დამუშავებული ფილებით არის მოპირკეთებული. ფასადები სადაა. 

 შესასვლელის თავზე მოქცეულ ტიმპანის ქვაზე მცენარეულ ორნამენტში ჩასმულია ჯვრის გამოსახულება. ნაგებობას გარშემო დამუშავებული ქვით შესრულებული საფეხური შემოუყვება. ფასადებს აგურის რამდენიმესაფეხურიანი სადა კარნიზი ასრულებს.

გააზიარეთ თქვენს გვერდზე!!!