ვაგრძელებთ ამხანაგობა ,,აქოლისის“ მიერ შემუშავებული ,,ქალაქ მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფციის“ თემატურ განხილვას.
ამჯერად წარმოგიდგენთ დოკუმენტის იდეურ ,,ხერხემალს“ - მცხეთის, როგორც ,,ახალი იერუსალიმის“ (დოკუმენტის შექმნის ადრეულ სტადიებზე - ,,მეორე იერუსალიმი“) შინაარსობრივ მხარეს.
მკითხველი შეცდომაში რომ არ იქნას შეყვანილი საკითხთან დაკავშირებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის პოზიციით, წარმოგიდგენთ 2020 წლის თებერვლის საკონსულტაციო მისიის მოხსენებას მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფციის განხილვასთან დაკავშირებით:
ექსპერტი დანიელე პინი:
,,საველე ვიზიტებმა ეჭვქვეშ დააყენეს ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც შემოთავაზებულია „ახალი იერუსალიმის“ იდეის ჭრილში და ასევე „კარიბჭეების“ პროექტები. ექსპერტის რჩევაა, რომ ამ პროექტებისთვის განხორციელდეს ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, თუმცა ის ფიქრობს რომ არსებობს უფრო იაფი გადაწყვეტები, რომლებიც ნაკლებ გავლენას მოახდენს ლანდშაფტზე.“
ექსპერტი ალკივიადეს პრეპისი:
,,1.3. „ახალი იერუსალიმი“ მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფციაში (PP 5-6)
რელიგიურმა ძეგლებმა, რომლებიც მსოფლიო მემკვიდრეობის საკუთრების შემადგენლობაშია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მცხეთის ისტორიული ხასიათის ჩამოყალიბებაში და დღემდე ცნობილია მთელ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. ამრიგად, ქალაქის და მის გარშემო მდებარე ადგილებისთვის სიმბოლური მნიშვნელოვნების მინიჭება ლოგიკურია, ისევე როგორც რიტუალების შესრულება წლის კონკრეტულ დროს. თუმცა, ხაზგასასმელია ორი საკითხი:
ა) მცხეთის ისტორიული მნიშვნელობა სცდება მითითებულ პერიოდს, და ის გადადის ძველ და ანტიკურ ხანაში, რაც განაპირობებს მსოფლიო მემკვიდრეობის საკუთრების მრავალფენიან კულტურულ მახასიათებელს,რომელიც უნდა დავიცვათ. ამას მოწმობს არქეოლოგიური ნარჩენები და მნიშვნელოვანი აღმოჩენები, რომელთა მოძიება დღემდე გრძელდება, და რომლებიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის უმნიშვნელოვანეს ექსპონატებს შორისაა;
ბ) ძველი ქალაქი და ახალი მცხეთა თანამედროვე ცხოვრებასა და განაშენიანებასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგას, რომელთა მოგვარებაც დაუყოვნებლივ და ეფექტურად უნდა მოხდეს, რათა დაკმაყოფილდეს მოსახლეობის თანამედროვე მოთხოვნები, და ამავდროულად შენარჩუნდეს, დაიცვას და გამოიკვეთოს კულტურული მახასიათებლები, რომელთა საფუძველზეც მოხდა საკუთრებების შეტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. დამატებით, აღნიშნული უნდა მოხდეს მისი მრავალ კულტურული განზომილებების და ადგილმდებარეობის მნიშვნელობების დაკარგვის გარეშე განსაკუთრებული სილამაზის ლანდშაფტში.“
რაც შეეხება საკუთრივ კონცეფციაში მცხეთის, როგორც ,,ახალი იერუსალიმის“ თემის წარმოჩინებას, უცვლელეად წარმოგიდგენთ მთლიან თავს (გვ.92-102) ორ ნაწილად:
,,11. „ახალი იერუსალიმის“ თემა გენერალური გეგმის „კონცეფციაში“
ქ. მცხეთის პირობებში, „ახალი იერუსალიმის“ ჩამოყალიბების სულიერ-სემანტიკურ საფუძველს წარმოადგენს იერუსალიმის ტრადიციული ტოპონიმიკის პროექცირება ქ. მცხეთის ტოპოგრაფიაზე.
მთავარი პირობა მცხეთის სივრცის „ახალ იერუსალიმად“ წარმოჩენისა, IV ს.-ის დასაწყისში წერილობით წყაროებში აღწერილი ქართლის მოქცევის ისტორიაა, როდესაც ძველი „დედა-ქალაქი მცხეთა“ სასწაულების მოვლინების არეალად გადაიქცა და ყოველნი ჭვრეტდნენ მოციქულთა სწორი წმ. ნინოს ლოცვით, სხვადასხვა ადგილზე გამოვლენილ უფლის მადლს. ცხადია, ღერძი ამ ამბებისა, ქრისტეს კვართის დაფლვის ადგილის გამჟღავნება იყო, რაც მცხეთას განსაკუთრებულობას ანიჭებს, სხვა „ახალ იერუსალიმებთან“ შედარებით. ქართველთა ისტორიულ ცნობიერებაში, ეს ამბები ასევე შესატყვისად აისახა. ჩვენი წინაპრები, ქართლის მოქცევის ამ ქრისტიანულ გადმოცემას არა თუ იზიარებდნენ, მეტიც, ის, მთელი ჩვენი ისტორიის ქვაკუთხედად იქცა, რაც აისახა კიდეც, იმ სახელში, რომლითაც მუდამ სიგელ-გუჯრებსა თუ ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება მცხეთა - „წმიდა დედაქალაქი მცხეთა“ ან „დედა-ქალაქი მცხეთა“.
ადრეულ ხანაშივე დამკვიდრდა ჩვენში იერუსალიმური წესით მსახურება, რომელიც ზემოთ აღწერილ, წმიდა ადგილების ტოპონიმების გადმოტანას და დამკვიდრებას საჭიროებდა, რათა სრულყოფილად აღვლენილიყო ლიტურგია, საამისოდ იყო აუცილებელი, ცალკეულ ადგილთა სახელდება იერუსალიმური ტოპონიმებით, ამისათვის, საჭირო იყო რამდენიმე ტაძრის არსებობა, ამ მონიშნულ ადგილებზე. V ს.-ში საქართველოში იერუსალიმური ლიტურგიკის დამკვიდრებასთან ერთად მცხეთაში იერუსალიმური ტოპონომები გაჩნდა. თუმცა, იერუსალიმად გარდაქმნა, არ ხდებოდა პირდაპირი ასლის გადაღებით. ეს იყო მოქნილი მოდელი, რომელიც ადგილმდებარეობიდან გამომდინარეობდა. ყველგან ითვალისწინებდნენ ორიენტაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩანს ამგვარი ქალაქების განხილვისას, ხოლო იქ, სადაც იყო სასწაულებით გამოვლენილი ადგილობრივი სიწმინდეები, მათ იერუსალიმური ტოპონიმები შეეთავსებოდა არსობრივად, ისე როგორც ეს მოხდა მცხეთაში.
წმ. ნინოს შემოსვლასთან ერთად, დედაქალაქი მცხეთა და მისი შემოგარენი გახდა სასწაულების მოვლინების არეალი, რომლებმაც მას დაუმკვიდრეს სახელი „ღვთისგან მოქხსენებული ქალაქი“. ხოლო ქვეყანაში იერუსალიმური მღვდელმსახურების, (რომელსაც უფლის საფლავის ღვთისმსახურებასაც უწოდებდნენ) დამკვიდრების შემდეგ ეს ადგილები შეეთავსა მცხეთასა და მის შემოგარენში სასწაულების გამოვლინების ადგილებს არსობრივი მნიშვნელობით.
ამ მხრივ საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ მცხეთა, გეოგრაფიულად, გარკვეულწილად, ემსგავსება იერუსალიმს. წმიდა დედაქალაქ მცხეთაში, სვეტისცხოვლის და ჯვარის მთის ურთიერთმიმართება, დასავლეთიდან აღმოსავლეთით, მსგავსია იერუსალიმში უფლის საფლავისა და ელეონის მთის ურთიერთ-მიმართებისა.
მცხეთაში, უფლის კვართის დაფლვის ადგილის მოპირდაპირედ, ქალაქის აღმოსავლეთით, ელეონის მთის მსგავსად არის „ჯაჭუის“ მთა, რომელიც ჯვარის მთად – გოლგოთად იწოდება. ეს მთა მცხეთაში ასევე შეესატყვისება იერუსალიმში ელეონის მთას. მცხეთის აღმოსავლეთით მდ. არაგვის ვრცელი ხეობაა, რომელიც იერუსალიმურ კონტექსტში, კედრონის ხევს შეესატყვისება.
ქალაქის ზღუდის აღმოსავლეთის ნაწილში მოწყობილი იყო მცხეთის აღმოსავლეთის კარიბჭე, მდ. არაგვის ხეობის თავზე - კლდოვან კიდეზე. მის გვერდით, ჩრდილოეთით არის წმ. სტეფანე პირველმოწამის ეკლესია - (ანტიოქია) (ილ. 33)
ილ. 33 „ანტიოქიის კარიბჭე“, ჯვარის ხედი. სტეფანე პირველმოწამის ეკლესია „ანტიოქია“ . ფოტო თ. ხოშტარია, 2019.
მოპირდაპირედ, ხეობის მეორე მხარეს არსებული ჯვარის მთის კალთები, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირამდე, იერუსალიმური კონტექსტით „გეთსამანიის ბაღს“ შეესატყვისება, ხოლო მის ხრიოკ ფერდზე, ჯვრის მონასტრის სამხრეთდასავლეთით, ერთადერთი სავანეა ხეებითა და წყაროთი. ეს არის წმინდა ნინოს ლოცვით სასწაულებრივ ამოყვანილი წყარო, რომელიც ჯვრის აღმართვის ისტორიებში იხსენიება - მასთან შეჩერდა პროცესია, როდესაც მთაზე პატიოსანი ჯვარი აჰქონდათ. ითვლებოდა, რომ წყაროს კურნების ძალა ჰქონდა. კ. კეკელიძის შენიშვნით, ის სიმბოლიზირებს ბეთეზდას - აუზს, ცხვრის კარიბჭესთან იერუსალიმში.
იგი ჯვართაღმართების შემდეგ ჯვარის ბორცვად - გოლგოთად იწოდა. ჯვრის მტვირთველებმა, შაბათ დღეს, კვართის დაფლვის ადგილიდან - სვეტიცხოვლის ტაძრიდან, პირდაპირ, ქართველთა გოლგოთისაკენ, აღმოსავლეთით იარეს; მიწაზე განვლეს ზეცაში სასწაულით ჩენილი ვარსკვლავთ გვირგვინით გარშემორტყმული ცეცხლოვანი ჯვრის გზა; გადაჰკვეთეს არაგვი-კედრონი, შეუდგნენ ჯაჭვის მთის კალთებს - „გეთსამანიას“ და ავიდნენ წმ. ნინოს მიერ აღმოცენებულ წყაროზე - „ძუძუის წყაროზე“; წმ. ნინოს წყაროზე ათიეს ღამე ლოცვასა და სასწაულებრივი განკურნებებით; კვირა დღეს ავიდნენ მთის წვერზე და აღმართეს ღვთივ-ჩენილ ადგილზე ჯვარი. ესაა ჯვართაღმართების გზა - გზა საუფლო კვართიდან ქართველთა გოლგოთამდე, რომელიც იერუსალიმში უფლის ვნების გზას - ვია დოლოროსას შეესატყვისება. მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს ჯვართაღმართებას აღდგომიდან მესამე კვირას, რადგანაც მირიან მეფემ დღესასწაულის ეს თარიღი დაადგინა იმ დღეს გამოვლენილი ზეციური სასწაულის გამო.
ამ ადგილიდან, როგორც წრის ცენტრიდან, ნათლად იხილვება გარშემო ყველა წმინდა ადგილი. ეს ვრცელი ტერიტორია, რომელსაც მცხეთელები „პირდაპირს“ უწოდებენ, სვეტიცხოველ-ჯვრის - წმიდა გზის მთავარი ღერძის მართობულად, სანაპიროს გასწვრივ არის განთავსებული. ამ მიმართულებით გადაადგილებისათვის სვეტიცხოვლის, ჯვრის, სამთავროს და სხვა სიწმინდეების სხვადასხა რაკურსში მონაცვლეობით ხილვა განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს და თვალწინ გადაგვიშლის ქართლის მოქცევის მთელ ისტორიას - წინარე ქრისტიანულსა და ქრისტეს შობის შემდგომს ვიდრე დღემდე.
მცხეთა - „ახალი იერუსალიმის“ კონტექსტში ქალაქის აღმოსავლეთით მთის ფერდი ქალაქისკენ მდ. არაგვის ნაპირებამდე, ასოცირდება „გეთსამანიის ბაღთან“. მსგავსად იერუსალიმისა, ბაღი აქაც, ქალაქის აღმოსავლეთით, მდ. არაგვის, ქართველთა კედრონის, ხეობამდე, მის ნაპირებამდე ვრცელდება. უწინ აქ ხიდი იყო, რომელიც აღნიშნული კულტურულ-სარეკრეაციო სივრცის საშუალებით დედაქალაქ მცხეთას ჯვარის მონასტერთან აკავშირებდა. ხიდი უშუალოდ წმ. სტეფანეს ტაძარს-ანტიოქიას ადგებოდა. აქვე, მის გვერდით იყო ქალაქის აღმოსავლეთის კარიბჭეც, ესეც იერუსალიმის მსგავსად.
ქ. მცხეთაში „ახალი იერუსალიმის“ კონცეფციის სულიერ-სემანტიკური ტოპოგრაფიული კომპონენტების ქალაქთმშენებლობითი ინტერპრეტაცია სამუშაოს შემდეგ ეტაპზე შეადგენს გენერალური გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს (იხ.რუკა #2 - “დიდი მცხეთის“ ძირითადი ტურისტული და მომლოცველთა მარშრუტები).
„ახალი იერუსალიმის“ თემატიკის ფუნქციურ-ტერიტორიული ინტერპრეტაცია გენგეგმის ფორმატში მცხეთის პირობებში არა მარტო სასურველი, არამედ აუცილებელი პირობაა. საკმარისია ითქვას, რომ ზოგიერთი ჩვენი მეზობლური კულტურა ამჟამად ცდილობს ახალი იდენტობის კონსტრუირებას, ისტორიული ფაქტორების ამ მიზნით სათავისოდ მორგების გზით. ამის თვალსაჩინო და დრამატული მაგალითია, თუნდაც, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსების ნაწილის კუთვნილების საკითხის სადაოდ გახდომა.
ამ ფონზე, მით უფრო გამართლებულია მცხეთაში „ახალი იერუსალიმის“ არა ახლანდელი, არამედ ისტორიულად, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებული იდეის აღიარების პოზიცია და მისი ქალაქმაფორმირებელი როლის გამოყენება (ილ. 33).
ილ. 34. ქ. იერუსალიმისა და ქ. მცხეთის საკრალური ტოპოგრაფიის პარალელები
აქ იგულისხმება არა იერუსალიმის ურბანული ტოპოგრაფიის ზუსტი ანალოგების მოძიება, არამედ ქრისტიანულ სამყაროში წამყვანი რელიგიურ-ლიტურგიული სიუჟეტის ტერიტორიული არანჟირების არსებული შესაძლებლობები.
„ახალი იერუსალიმის“ კონცეფციის რეალიზება ქ. მცხეთის სინამდვილეში გაზრდის მისდამი ინტერესს ტურიზმის ისეთი მიმართულებით, როგორიც არის მომლოცველობითი ტურიზმი. ხაზგასასმელია, რომ ანალოგიურ ხედვებზე ორიენტირებული მომლოცველობითი ტურიზმი მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთი მზარდი მიმართულებაა.
საგულისხმოა, რომ ევროპაში აღიარებულია რელიგიური ტურიზმის 206 ობიექტი, მათ შორის, ქართული სამყაროსთვის ყველაზე საინტერესო უკიდურესად აღმოსავლეთი, თანამედროვე თურქეთში მდებარე კაპადოკია - წმინდა ნინოს სამშობლო (ილ. 35).
ილ. 35. ქრისტიანული მომლოცველობის ობიექტები ევროპაში. წყარო:
Google.com. https://www.206tours.com/ 2019
ევროპის მასშტაბით მომლოცველობითი გზების დღესაც შთამბეჭდავი რაოდენობა მეტყველებს ამ თემატიკის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში (ილ. 36).
ლ. 36. ევროპის მომლოცველობითი გზები/ტურიზმის მარშრუტები. წყარო: Google.com
ლოგიკურია, რომ საქართველოს ევრომისწრაფებების კონტექსტში, ჩაერთოს წმინდა ნინოს გზის ბოლო დროს აქტუალიზებული მომლოცველობითი ტურისტული მარშრუტი, მის მიერ ქართველთა მოქცევის ადგილი - ქ. მცხეთა და მის შემდეგი მსვლელობა ვიდრე ბოდბემდე.
ამ მიმართულებით საერო ღონისძიებების ორიენტირს იძლევა საქართველოს კონსტიტუციის (2018) საგანგებო მუხლი:
„მუხლი.8. სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა
რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. <...>“
სად შეიძლება, ხორცი შეისხას საქართველოს კონსტიტუციის ამ ფუძემდებელმა დებულებამ, თუ არა „წმინდა დედაქალაქ მცხეთაში“?!
უფრო კონკრეტულად - როგორც ცნობილია, ქ. მცხეთაში „ახალი იერუსალიმის“ კონცეფციის განხორციელების აქტუალობა აღიარებულია 2019 წლის 12-14 მაისის ექსპერტთა საერთაშორისო შეხვედრაზე „მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის - მცხეთის ისტორიული ძეგლების და მისი შემოგარენის კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება ცოცხალი რელიგიური და საკრალური მნიშვნელობის მსოფლიო მემკვიდრეობა ისტორიულ ურბანულ კონტექსტში“ 32 . ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასალები წარმოდგენილია I ეტაპის ანგარიშშიც.
ამ შეხვედრის შედეგად შემუშავდა მთელი რიგი რეკომენდაციებისა, მათ შორის, „ახალი იერუსალიმის“ თემატიკის მიმართ განსაკუთრებით აქტუალურია შემდეგი:
„მთავარი დასკვნები -1
ვთანხმდებით რომ:
მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლები და მისი ბუფერული ზონა და ფართო არეალი ქმნიან კულტურულ ლანდშაფტს, რომელიც შეიცავს ახალი იერუსალიმის ყველა ელემენტს და ამ ერთობლიობით ქმნიან უმაღლესი მნიშვნელობის მემკვიდრეობას, რომელსაც ჭირდება კონსერვაცია და მდგარადი გამოყენება;
<...><...>
რეკომენდაციები #1:
A.მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლები მისი მდებარეობა და ახალი იერუსალიმის კონცეფცია
1) ძეგლის და მისი ბუფერული ზონის და ფართო არეალის ლანდშაფტი, ქალაქისა და სოფლის, დაცულ უნდა იქნეს განსაკუთრებული ყურადღების დათმობით ახალი იერუსალიმის სხვადასხვა მატერიალური თუ არამატერიალური ელემენტებისადმი, მათ შორის მათი ინვენტარიზაციის მომზადება სხვა არქეოლოგიურ სივრცეებთან ერთად;
<...>
რეკომენდაციები #2 #3 A.
2) ძეგლის, მისი ბუფერული ზონის და ფართო არეალის -მათ შორის ჭალის (რიპარიანული) სისტემის ბუნებებრივი ღირებულებანი უნდა იქნეს დაცული;
3) ძეგლის, მისი ბუფერული ზონის და ფართო არეალის ღირებულებების გააზრება უნდა ეყრდნობოდეს ამ ძეგლების მატერიალური და არამატერიალური ატრიბუტების, მათ შორის ახალი იერუსალიმის კონცეფციის ყველა ელემენტისა და ადგილის ადრეული პერიოდის ისტორიის და პრეისტორიის სიღრმისეულ ცოდნასა და ანალიზს.“
B. Initiative on World Heritage of religious Interest
B.ინიციატივა რელიგიური ინტერესის მქონე მსოფლიო მემკვიდრეობის შესახებ
18) The development of an agreed approach to the conservation and sustainable use of the Historical Monuments of Mtskheta World Heritage property and its buffer zone and broader setting should be used as a model case study in the management of living religious and sacred World Heritage properties“. „შეთანხმებული მიდგომის განვითარება მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის - მცხეთის ისტორიული ძეგლების, მათი ბუფერული ზონისა და ფართო გარემოს კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების მიმართ აპრობირებული უნდა იქნეს, როგორც სამოდელო კვლევა ცოცხალი რელიგიური და საკრალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვაში“.
ამასთან, ხაზგასასმელია, რომ „ახალი იერუსალიმის“ პროეცირება მცხეთის სინამდვილეზე კანონზომიერად განპირობებულია სწორედ მისი წარმართული/ანტიკური ხანის ხაგრძლივი ისტორიით, რასაც ადასტურებს „დიდი მცხეთის“ ჯერაც ნაკლებად შესწავლილი არქეოლოგიურ მონაპოვართა სიმრავლე. ჯვართაღმართების გზა საპროცესიო გზაა; მცხეთისათვის მნიშვნელობა აქვს არა ამ გზის განაშენიანების ხასიათს, არამედ სემანტიკურ დატვირთვას. ჩარევები „ახალი იერუსალიმის“ თემატიკაზე ძირითადად გულისხმობს ლანდშაფტის გამთლიანების იდეას ჯვარის მონასტერსა და სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარს შორის. ეჭვსგარეშეა, რომ ლანდშაფტი ხელოვნური ჩარევის შედეგად არის გაყოფილი. სხვა მხრივ, ჩარევა გულისხმობს მომლოცველობისათვის საქვეითო მოძრაობის ორგანიზებას გეგმარებითი ხერხებით და შესაბამისი ტურისტული მარკირების მეშვეობით. ამასთან, ამ გზის ინფრასტრუქტურული გაწყობისას, გასათვალისწინებელი იქნება ვიზუალური მარკირებაც და ელექტრონული მარკირება (Smart City-ს პრინციპი).
ზემოაღნიშნული ჩარევები, მაქსიმალურად ფრთხილად და დამზოგავად უნდა იქნას შემუშავებული და გათვალისწინებული უნდა იყოს მცხეთის ურბანული დიზაინის დეტალური დაგეგმარების პროცესში. სხვა მხრივ, „ახალი იერუსალიმის“ კონცეფცია არ გულისხმობს რაიმე მასშტაბურ ჩარევას. ამასთან, „ახალი იერუსალიმი“ უკვე აპრობირებულია UNESCO-ს მიერ, რაც ასახულია ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს საფრთხეს მცხეთის მოსახლეობისთვის, პირიქით, მომლოცველობითი ტურიზმის მოწესრიგება სწორედ მცირე საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების განვითარებას მისცემს ბიძგს და უაღრესად სასარგებლო იქნება ადგილობრივი ეკონომიკისათვის, რაც დამტკიცებულია მრავალი ევროპული მაგალითით. ასეთია, თუნდაც, საყოველთაოდ ცნობილი „სანტიაგო დე კომპოსტელას“ მარშრუტი.
2019 წ. 12–14 მაისის ზემოთ მოხსენიებულ საერთაშორისო ექსპერტული თემატური საკონსულტაციო შეხვედრის დასკვნებში პირველ პუნქტად მითითებულია:
„ვთანხმდებით, რომ: მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლები და მისი ბუფერული ზონა და ფართო არეალი ქმნიან კულტურულ ლანდშაფტს, რომელიც შეიცავს ახალი იერუსალიმის ყველა ელემენტს და ერთობლიობით ქმნიან უმაღლესი მნიშვნელობის მემკვიდრეობას, რომელსაც სჭირდება კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება“.
ზემოხსენებული მასალები ადასტურებს იმ აზრს, რომ ქ. მცხეთის გენერალური გეგმის ერთ-ერთ ძირითად ქალაქმაფორმირებელ ფაქტორად აღიარებულ უნდა იქნას „ახალი იერუსალიმის“ კონცეფცია და მისი ფუქციურ-ტერიტორიული ინტერპრეტაცია.