ახალი წელი, ახალი მიმართულება
16-1-2018

  ჩაიარა შობა-ახალ წლის დღესასწაულებმა. ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობისა და ურთიერთმილოცვების ფონზე, ახალმა წელმა ჩვენში ახლისა და უფრო საუკეთესოს მოლოდინის განცდა შემოიტანა.

  მეც, როგორც ინტერნეტგაზეთის დამფუძნებელმა გადავწყვიტე, 2018 წლიდან სხვა მიმართულება და სიცოცხლე მივცე ციფრული მედიის საშუალებას, მითუმეტეს რომ ახალ წელს მეც ახალ სამსახურეობრივ ამპლუაში შევეგებე.

  ჩაიარა ჩემი მცხეთის საკრებულოში მუშაობის თითქმის 20 წელმა. ამ ხნის მანძილზე გარკვეული გამოცდილება რა თქმა უნდა დამიგროვდა, განსაკუთრებულ ინტერესს კი როგორც ძირძველი მცხეთელი, ჩემი ქალაქის  ურბანული განვითარების მიმართულებით ვიჩენდი. სწორედ ეს თემა იყო ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა“ ინსტიტუტში და ჩემი ბრძოლის საგანიც ყველა საკრებულოში.

  ამიტომაც, განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა ჩემთვის ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ წინა მოწვევის ქალაქ მცხეთის საკრებულოში დაყენებული საკითხი, შექმნილიყო არასამეწარმეო იურიდიული პირი კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირებული მართვის კუთხით,  მმართველი გუნდის საფუძვლიანი ინტერესი გამოიწვია და საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით დადებითი გადაწყვეტილებაც მიიღო.

  ჩემთვის სასიხარულოა ისიც, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ისტორიაში ყველაზე პრინციპულმა და რეიტინგულმა მმართველმა გუნდმა, გამომიცხადა ნდობა და დავინიშნე ა.ი.პ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორად, რაზედაც დიდ მადლობას გამოვხატავ.

  ამ ახალ ამპლუაში, მოქმედებების დაწყებამდე, მქონდა ჩემი ხედვები რომელთაგან ძირითად პოსტულატს შემდეგვარად ჩამოვაყალიბებდი: ,,კულტურული მემკვიდრეობა უნდა განაპირობებდეს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და ტურიზმით მოზიდული რესურსმა თავის მხრივ უნდა შეინახოს კულტურული მემკვიდრეობა“ - ეს არის მცხეთის მუნიციპალიტეტის მართვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და აღნიშნულის განხორცილებაში მონაწილეობა ადგილობრივ მთავრობასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის პრეროგატივაა.

  პირველი ნაბიჯების გადადგმა რთულია, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ ის გუნდი, რომელიც სამსახურეობრივად ჩამოყალიბდა, გამოცდილი კადრებისა და ახლგაზრდული შემართების ნაზავით, მაძლევს იმის განცდას, რომ ჩვენი სვლა ნაყოფიერი იქნება!

  ჩემის მხრივ,  მეც მინდა გამოვხატო კეთილი ნება და სამსახურეობრივი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, უანგაროდ გადავცე ინტერნეტგაზეთი Bagineti.ge ა.ი.პ. ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრს“.

  დროისა და სახსრების დაზოგვასთან ერთად ძალზედ მნიშვნლოვანია რომ, ფუნქციონირების სამი წლის მანძილზე, ციფრულმა მედიამ 500-ზე მეტი გამომწერი და 15 000-ზე მეტი მკითხველი შეიძინა, რაც გაზეთის მასშტაბებიდან გამომდინარე, საკმაოდ სოლიდური შედეგია და ორგანიზაციისათვის ავტომატურად, სასტარტო საწყისის სიძლიერეს განაპირობებს.

  რა თქმა უნდა საბოლოო სიტყვით ისევ ჩვენ ძვირფას მკითხველს მინდა მივმართო. მადლობა ჩვენთან მეგობრობისთვის, გულშემატკივრობაზე და იმ კეთილ სიტყვებზე, რაც თქვენგან გვესმოდა! ცხოვრება იცვლება და ჩვენც არსებულ ტენდენციებს ფეხს ვუწყობთ. ამიტომაც. საერთო გამოწვევების დაძლევისათვის, შემოგთავაზებთ ახალ ფორმატს, რომელიც კიდევ უფრო ქმედითი და საინტერესო იქნება.

  ბედნიერება და სიხარული უხვად მოეტანოს 2018 წელს თითოეული ჩვენთაგანის ოჯახში!

  რევაზ მამულაშვილი

  16.01.2018 წ.

დათვალიერება: 1262
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group