არქეოლოგიური აღმოჩენა და მისაბაძი მაგალითი
02-4-2020

  ძალისის არქეოლოგიური ძეგლი ანტიკური ხანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპლექსს წარმოადგენს. ნაქალაქარი, რომელიც თარიღდება ძვ. წ. II - ახ. წ. VIII საუკუნეებით, მდებარეობს დღევანდელ სოფელ ძალისში, მუხრანის ველზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით.

  არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აქ აღმოჩენილია ტაძარ-სასახლის და აბანოს კომპლექსები. ბუნებრივია, რომ მთელი ტერიოტორია და მისი შემოგარენი მდიდარია ძეგლებით და სხვადასხვა არტეფაქტებით. სწორედ ამ ტერიტორიის სიახლოვეს, ძალისის მკვიდრმა დავით აბაშვილმა, მეგობართან ერთად, შემთხვევით აღმოაჩინა ბრინჯაოს ქანდაკება - ლომის მცირე ფიგურის ნაწილი, რომელიც შემდგომ კიდევ რამდენიმე ნივთთან ერთად ,,დიდი მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმს" გადასცა.

 

01

 

  ბ-ნი დავით აბაშვილი: ეს დაახლოებით თვენახევრის წინ მოხდა. მეგობრებმა გადავწყვიტეთ ძალისის შემოგარენში ხეები დაგვერგო. მიწის სამუშაოების განხორციელებისას, ერთ-ერთი სანერგე ორმოს ამოღებისას, აღმოვაჩინეთ ჩვენთვის უცნობი ნივთები.

 

02

 

 

  თავდაპირველად თავად ვცადეთ გაგვერკვია, თუ რასთან გვქონდა საქმე. შემდეგ მივმართეთ ბატონ გოდერძი ნარიმანიშვილს, რომელიც სოფელ ძალისში არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობს და მისი დახმარებით, ნივთები მცხეთის მუზეუმს გადავეცით.

 

03

 

  ამ საკითხთან დაკავშირებით გავესაუბრეთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ თეა ონიანს.

  ქ-ნი თეა ონიანი: მიუხედავად იმისა, რომ კანონი ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობით ვაჭრობას სჯის,არაერთ რეგიონში დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ადამიანები ნივთებს პოულობენ და შემდეგ საკუთარი გამორჩენისთვის იყენებენ. ეგრეთ წოდებული ,,შავი არქეოლოგები”, ხშირად ამ ნივთების საზღვარზე გადატანასაც ცდილობენ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე,  შეგვიძლია ვთქვათ ,რომ ბევრ ადამიანს არ აქვს გაცნობიერებული, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია თითოეულ მოქალაქეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საკითხში და ის რომ, მსგავსი ქმედებით ისინი ძარცვავენ არა მხოლოდ სახლმწიფოს, არამედ მომავალ თაობებსაც, რაც ძალიან სამწუხაროა.

  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბატონ დიმიტრი ხუნდაძესაც ვთხოვეთ კომენტარი.

  ბ-ნი დიმიტრი ხუნდაძე: თვითონ ის ფაქტი, რომ მოქალაქეს გათვითცნობიერებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და წარმოჩინების საკთხი, მისასალმებელი და მხარდასაჭერია. მცხეთის მუნიციპალიტეტს, რომლის მაჟორიტარ დეპუტატსაც პარლამენტში მე წარმოვადგენ, მსოფლიო დონის უმდიდრესი ისტორიული წარსული გააჩნია, რაც ჩვენ სახელისუფლებო გუნდს დიდ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას გვაკისრებს. შესაბამისად, ყოველი მოქალაქეობრივი აზროვნება და ქმედება, რომელიც ქვეყნის უმდიდრესი მემკვიდრეობის დაცვას ეხება, ჩემთვის ყურადსაღებია. ხშირად და განსაკუთებით მშენებლობის პროცესში ხდება ხოლმე არქეოლოგიური არტეფაქტების განადგურება, რაც პირდაპირ რომ ვაღიაროთ ბარბაროსობაა. ამიტომ სამოქალაქო აზროვნების გამოხატული ფაქტი, დღევანდელი დიდი გამოწვევების ფონზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩვენ ვართ მაღალი კულტურის და თვითშეგნების მქონე საზოგადოება. ამის დასტურად, კონკრეტულ პიროვნებას, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობ, დიდ მადლობას ვუხდი.

  ააიპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის და ტურიზმის განვითარების ცენტრი“, ჩვენის მხრივაც მადლობას ვუცხადებთ ბატონ დავით აბაშვილს და მის მეგობრებს, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. ვფიქრობთ, რომ მსგავსი პრეცედენტები მაგალითად უნდა იქცეს სხვა მოქალაქეებისთვის. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით ხმამაღლა, რათა მომავალმა თაობებმაც გააცნობიერონ კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება, დაიცვან და გაუფრთხილდნენ იმას, რაც წინაპრებისგან გვერგო.

 

ინა ყურაშვილი

საფინანსო-საორგანიზაციო განყოფილება

02.04.2020 წ.

დათვალიერება: 744
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, რა უქმნის მთავარ საფრთხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ქ. მცხეთაში?
  • კლიმატი
  • დაბინძურება
  • არასწორი რესტავრაცია
  • უყურადღებობა ან მიტოვება
  • ვანდალიზმი
  • არასწორი ურბანული განვითარება
  • კანონმდებლობის აღსრულების ნაკლებობა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group