კონფერენცია - ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ინტეგრირებული მართვა
16-6-2019

  14 ივნისს, სასტუმრო ,,ჯინო ვერნესში" მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის" ორგანიზებით, შედგა კონფერენცია თემით - ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ინტეგრირებული მართვა". 

  აღნიშნული შეხვედრა გაშუქებული იქნა საინფორმაციო სააგენტოებისა და ნაციონალური სატელევიზიო არხების მიერ. მედიაცენტრ ,,მთავარის" ხელმძღვანელობის თანხმობით, ვაქვეყნებთ ერთობლიობაში ორ სტატიას, რომელიც მკითხველს საშუალებას მისცემს გაეცნოს კონფერენციის შინაარსს.

 

„მცხეთას სუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ“ – დიმიტრი ხუნდაძემ ქალაქის განვითარების ახალი ხედვა წარადგინა

 

1

  

  მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი დღეს ისევ განხილვის თემაა. მიუხედავად იმისა, რომ მცხეთაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მორატორიუმის რეჟიმი მაინც მძიმე ტვირთად აწევს ქალაქს და მოსახლეობას. ადგილობრივები განვითარების შესაძლებლობას ითხოვენ, თუმცა, დოკუმენტის არარსებობის გამო, ეს შეუძლებელია.

  მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის მოსახლეობას, ექსპერტებს, ბიზნეს სექტორსა და დაინტერესებულ პირებს მცხეთის განვითარების ახალი ხედვა და სტრატეგიას წარუდგინა. კონფერენცია „მცხეთა, მემკვიდრეობისა და ტურიზმის ინტეგრირებული მართვა“ მცხეთაში გაიმართა და მასში მონაწილეობა კომპანია „აქოლისმაც“ მიიღო, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და რომელმაც დოკუმენტზე მუშაობა წლის ბილომდე უნდ დაასრულოს.

 

2

 

  მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ იმ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა, რაც დღეს ქალაქში არსებობს. მან ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას იმ წინადადებებისა და რეკომენდაციების დოკუმენტში ასახვა სთხოვა, რომელიც ექსპერტებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არსებობს.

  „დიდი ხანია, ვსაუბრობთ, თუმცა, კონკრეტული დოკუმენტი არ დევს. არ შეიძლება ამდენი ხანი მორატორიუმის რეჟიმში ვაცხოვროთ ქალაქი და გავაჩეროთ. იუნესკოსთან შევჯერდით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მცხეთას სუნთქვის საშუალება უნდა მივცეთ. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, უნდა გვქონდეს სტრატეგია და გენერალური გეგმა. სწრაფად უნდა დავდოთ დოკუმენტი და შევამსუბუქოთ მორატორიუმი. არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ისტორიული შეცდომა იქნება. არ შევაჩეროთ ქალაქის განვითარება, წარსულს ვცეთ პატივი, თუმცა, უცილებლად უნდა შევქმნათ მომავალი“ – აღნიშნა დეპუტატმა და კონკრეტულ ხედვაზე ისაუბრა.

  დიმიტრი ხუნდაძემ ტურისტული მარშრუტების განშლაზეც ისაუბრა და კონკრეტული ლოკაციებიც წარმოადგინა. კერძოდ, დეპუტატის შეფასებით, მცხეთაში 4 ძირითადი ტურისტული მიმართულების განვითარების შესაძლებლობა არსებობს:

1. სამხრეთის – ფარნავაზის მოედანი-ბაგინეთი-კარსანი;

2. ჩრდილოეთის მიმართულება – ბებრისციხე-თეატრონი-წიწამური;

3. აღმოსავლეთის მიმართულება – პილიგრიმთა გზა: სვეტიცხოველი-სანათლავი – მცხეთის ჯვარი;

4. დასავლეთის მიმართულება – კოდმანი – შიო-მღვიმე.

  როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მცხეთის განვითარების ახალი ხედვის გათვალისწინების შემთხვევაში, შემდეგ სურათს მივიღებთ: „თავიდან იქნება აცილებული ,,ტურისტული გადახურება“; ვიზიტორთათვის გაიშლება სანახაობრივი არეალი; გაიზრდება ინტერესი და ვიზიტორთა შემოდინება; გაიზრდება ვიზიტორთა ადგილზე გაჩერების ხანგრძლივობა; შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები; გაიზრდება ფინანსური რესურსების მოზიდვის მექანიზმები; მოსახლეობას პრაქტიკულად ყველა უბანში მიეცემა ბიზნესის კეთების საშუალება (სარგებელი გადანაწილდება თანაბრად); მნიშვნელოვნად გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები“ – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

3

 

  დეპუტატმა არსებულ მორატორიუმთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა და საჭირო აქტივობებიც დაასახელა:

• პროცესში უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვა;

• ექსპერტებთან ერთად თემატურად უნდა მოხდეს სხვადასხვა პრობლემების ზუსტი იდენტიფიცირება და კომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღება (პირველ რიგში მიწათსარგებლობის თემა- სეგმენტაცია);

• ტურისტული მარშრუტების განშლის გეგმა უნდა ფიგურირებდეს გენ-გეგმის კონცეპტუალურ ნაწილში და სამოქმედო გეგმებში;

• აქტიურად უნდა წარიმართოს განაშენიანების რეგულირების გეგმების ფორმირება, რათა დროულად მოხდეს მორატორიუმის დაძლევა;

• თითოეული შეთანხმებული ეტაპი უნდა გადაიგზავნოს იუნესკოში და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეფასებისათვის, რათა მოხდეს წარმოდგენილ ვადებში დოკუმენტის კანონმდებლობის შესაბამისად განხილვა-დამტკიცება.

  და ბოლოს, როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ქალაქი ისე უნდა განვითარდეს, რომ ისტორიული შეცდომა არ დავუშვათ: „დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა, არ დავუშვათ ისტორიული შეცდომა; არ შევაჩეროთ ქალაქის განვითარება; სწორედ დავგეგმოთ მცხეთის მომავალი; დრო დასაკარგი აღარ გვაქვს; სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები“ – აღნიშნა დეპუტატმა. 

 

„დოკუმენტი, რომელიც კომპანიამ წარმოადგინა, კრიტიკას ვერ უძლებს, ტურიზმი მხოლოდ 1 აბზაცია“ – როგორია მცხეთის განვითარების ხედვა

 

4

 

  მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტის დასრულების ვადა ამჯერად, წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. მოსახლეობა წლებია, ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმას ელოდება. დოკუმენტს ვადა კი რამდენჯერმე გაუხანგრძლივდა. ტენდერიც არაერთხელ გამოცხადდა. თანხა ათვისებულია, თუმცა, ხარისხიანი დოკუმენტი, სადაც ქალაქისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალიწინებული, ამ დრომდე არ ჩანს.

  პირველადი დოკუმენტი იუნესკომაც დაიწუნა. მთავარი ხარვეზი კი ის იყო, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ჩართულობა დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ნულოვანი იყო.

  დღეს, მცხეთაში, დოკუმენტზე სამსჯელოდ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, ქალაქის მერმა გიორგი კაპანაძემ, მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის” დირექტორი რევაზ მამულაშვილმა და საბჭოს წევრებმა მცხეთის განვითარების ახალ ხედვაზე ისაუბრეს და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან სრულფასოვანი დოკუმენტის ვადებში წარდგენა მოითხოვეს.

  როგორც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით, მცხეთის მკვიდრმა, შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, პირველადი დოკუმენტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „აქოლისმა“ წარმოადგინა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, უბრალოდ ეს დოკუმენტი არასერიოზულია.

  „პირველადი დოკუმენტი, რომელიც „აქოლისმა“ წარმოადგინა, ტურიზმის განვითარების კუთხით, აბსოლუტურად არასერიოზული იყო. პირდაპირ გეტყვით, ტურიზმის განვითარების სტრატეგია ტურიზმის ადმინისტრაციის საიტიდან იყო გადმოკოპირებული, ერთი-ერთში „ქოფი ფეისთით“ გაკეთებული. ძირითადი, ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის სტატისტიკური მდგომარეობა იყო, ისიც მხოლოდ ერთი აბზაცი და სხვა არაფერი. იგნორირებული იყო აბსოლურუტად ყველაფერი, რაც კომპანიის წარმომადგენელმა თავადვე აღიარა. დღევანდელი მდგომარეობით, კომპანია აცხადებს, რომ ახლა დაიმატებენ სპეციალისტებს, რომლებიც ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე იმუშავებენ. ამ ეტაპზე, სახეზე არაფერი გვაქვს. წარმოდგენილი დოკუმენტი იყო არასერიოზული,“ – განუცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“. 

 

5

 

  მისივე ინფორმაციით, ახალი დოკუმენტის ერთ-ერთი მიმართულება მცხეთის ტურისტული კუთხით განვითარება უნდა იყოს და იმედს იტოვებს, კომპანია შეთავაზებულ წინადადებებს გაიზიარებს.

  „იმედი მაქვს, მალე ახალი დოკუმენტი დაიდება, სადაც ყველას წინადადება იქნება გათვალისწინებული, თუ როგორ უნდა განვითარდეს მცხეთა, როგორ უნდა მოხდეს მცხეთის ძირითადი მიმართულებებისა და რესურსების ათვისება; როგორ უნდა გაჩერდეს ტურისტი მცხეთაში არა 1-2 საათით, არამედ, მთელი დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, თეატრონის განვითარება, „დისნეილენდის“ მსგავსი პარკის გაკეთება, რომელიც არა მხოლოდ უცხოელებისთვის, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის მიმზიდველი იქნება. ძალიან დიდი რესურსია, რომ მცხეთაში ტურისტი მთელი დღის განმავლობაში დარჩეს“.

  პრობლემა, რომელიც გენერალური გეგმის არარსებობას უკავშირდება, 2015 წლიდან გაჩნდა. კერძოდ, სწორედ ამ პერიოდში გამოცხადდა მცხეთაში მორატორიუმი, რომელსაც ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი უნდა მიჰყოლოდა, თუმცა, დაიხარჯა ათასები და 2019 წლისთვის არც გენერალური გეგმის დოკუმენტი არსებობს და არც მორატორიუმის მოხსნას უჩანს პირი.

 

6

 

  ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ადგილობრივები კომპანიას ედავებიან, არის ის, რომ იგნორირებულია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე მოსახლეობის ინტერესები და მათი ჩართულობა ნულოვანია.

  „გენგეგმის შემუშავებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება დღევანდელი კონფერენცია. პროცესები, აუცილებლად, თანამონაწილეობით უნდა წარიმართოს. თანამონაწილეობა უმნიშვნელოვანესია. მნშვნელოვანია ისიც, რომ მუნიციპალიტეტი წარმოდგენილია საკმაოდ მომზადებულად. მათი ჩართულობით, საკითხები გათვალისწინებული იქნება. დეპუტატიც საკმაოდ აქტიურია, რაც ჩვენთვის მიშვნელოვანია. ექსპერტებთან ერთად მოხდება შეჯერება და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებთ აღნიშნულ საკითხებს“ – აღნიშნა აკაკი ზერეკიძემ.

  ქალაქის მერის შეფასებით კი, დღეს, კომუნიკაციის პრობლემა მოხსნილია და ეს დოკუმენტის ხარისხზეც უნდა აისახოს.

  „გენგეგმასთან დაკავშირებული პრობლემის მთავარი მიზეზი კომუნიკაციის არარსებობა იყო. დღეს კი ამას მივაღწიეთ. ჩართულები ვართ გენგეგმის შემუშავების პროცესში და საკითხების ჩვენთან ერთად დამუშავება ხდება. ვფიქრობ, რომ ეს მცხეთას წაადგება. უნდა მივაღწიოთ, რომ მცხეთელებს მოვუხსნათ მორატორიუმი. მუნიციპალიტეტში შექმნილია საბჭო, სადაც მოსახლეობის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები. მთავარია, მცხეთის განვითარების სტრატეგია დაიგეგმოს სწორად. მცხეთა უნდა განვითარდეს მთლიანად და არა ნაწილ-ნაწილ“ – განაცხადა გიორგი კაპანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

  მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ქალაქი 2015 წლიდან მორატორიუმის რეჟიმში ცხოვრობს, რაც უნდა დასრულდეს.

  „უკვე მერამდენე წელია, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა მუშავდება და პროცესი დროში საკმაოდ გაიწელა. მძიმე ტვირთად აწევს ქალაქს მორატორიუმის რეჟიმი, რომელიც პრაქტიკულად, კრძალავს მის განვითარებას. ამიტომ, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშავოთ დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს წესებს, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ წარსული და შევქმნათ მომავალი, ანუ, ქალაქის ახალი განვითარების სტრატეგია. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინადადებაა ტურისტული ნაკადების განშლა. დღეს, ტურისტი მცხეთაში მიდის სვეტიცხოველში, დედათა მონასტერში და ჯვრის მონასტერში, თუმცა, მცხეთაში სანახავი ბევრად მეტია. ტურისტმა მთელი დღე შეიძლება დაგეგმოს ქალაქში და კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის სინთეზი თანაბრად უნდა ნახოს. მცხეთა, ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა. საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, საჭიროა, მონაწილე მხარეები ერთმანეთს უსმენდნენ და საერთო მიზანი იქნას მიღწეული. თუ ძველისა და ახლის თანხვედრას მოვინდომებთ, ამას მივაღწევთ“ – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

დათვალიერება: 130
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group