გენ-გეგმის შემუშავების პროცესი ღიაა
16-4-2019

  როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ქალაქ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (შემდგომში გენ-გეგმა) შემუშავების პროცესი დაიწყო. პირადად მე, რევაზ მამულაშვილი, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორს, მომიწია მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა, კერძოდ წარმოდგენილი ვარ ორ  - ერთ ადგილობრივ და მეორე სამთავრობო საბჭოში, რომელთაც გენ-გეგმის ფორმირების მიმდინარეობის მონიტორინგი და საექსპერტო დასკვნების მომზადება ევალებათ. ამიტომ ხშირად ხდება, რომ დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს მცხეთელების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ,,ტროტუარის“ რეჟიმში. მესმის რა ადგილობრივი მაცხოვრებლების საფუძვლიანი ინტერესი ქალაქის მომავალ განვითარებასთან მიმართებაში, გადავწყვიტე გამოვიყენო ცენტრის ინტერნეტგვერდი მისი დანიშნულებისამებრ და პროცესების გამჭვირვალეობისა და საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, განვითარებული მოვლენების თუ დაგეგმილი შეხვედრების შესახებ მკითხველს მივაწოდო მაქსიმალურად სრული  და ზუსტი ინფორმაცია.

  რაც შეეხება პროცესის დასაწყისს, გენ-გეგმის შემუშავებაზე ტენდერი გამოაცხადა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (შემდგომში მგფ), რომელშიც გამარჯვებულად გამოვლინდა ამხანაგობმა ,,აქოლისი“. ,,შემსრულებელმა“ ,,დამკვეთს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უკვე წარუდგინა  I ეტაპის სამუშაოები, რომელიც თავის მხრივ განიხილა, როგორც ზემოთ ავღნიშნე ორმა საბჭომ. საბჭოების მიერ ჩატარებული საკმაოდ საინტერესო და აქტუალური სხდომების განხილვის დეტალებს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ, მაშინ როდესაც მისი შედგენა ოფიციალურად დასრულდება და ორივე ოქმს მოეწერება  ხელი.

  ამ ეტაპზე, მკითხველისთვის რომ ნათელი გახდეს გენ-გეგმის ფორმირების ნიუანსები, გაგაცნობთ პროცესების მენეჯმენტის სქემას:

 

11111

 

  რაც შეეხება პროცესების მენეჯმენტს, ამხანაგობა ,,აქოლისმა“ 9 თვის განმავლობაში 5 ეტაპად უნდა შეიმუშავოს გენ-გეგმა (და თანმხლები  ქალაქგეგმარებითი დოკუმანტაცია). წარმოდგენილი მასალა ეტაპობრივად უნდა შეითანხმოს დამკვეთმა, ხოლო საბოლოო სახით უკვე მგფ-სგან მიღებული დოკუმენტი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განიხილოს და დაამტკიცოს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ (შემდგომში მცხეთის საკრებულო).

  გენ-გეგმის კომპეტენციის ხარისხის ამაღლებისათვის, პროცესების გამჭვირვალეობისათვის და მისი დროულად ძალაში შესვლისათვის,  შემუშავების პროცესს მონიტორინგს უწევს სამი საბჭო.

  პირველი ორი საბჭო შექმნილია იუნესკოს რეკომენდაციების შესაბამისად. ,,პროფესიული საკონსულტაციო საბჭო“ (შემდგომში საკონსულტაციო საბჭო) ფუნქციაა მრავალდარგობრივი ზედამხედველობა გაუწიოს გენ-გეგმის ეტაპობრივ შემუშავებას, მოამზადოს ექსპერტული დასკვნები და რეკომენდაციები, დასახოს ქმედებათა მიმართულებები და წარუდგინოს იგი როგორც ,,უწყებათაშორის წარმომადგენლობით  საბჭოს“ (შემდგომში უწყებათაშორის საბჭოს), ისე დამკვეთსა და შემსრულებელს. უწყებათაშორისი საბჭო დაკომპლექტებულია მაღალი რანგის ადგილობრივი და სამთავრობო უწყების ხელმძღვანელებისაგან და სარეკომენდაციო და საზედამხედველო ფუნქციები გააჩნია.

  ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“ (შემდგომში მუნიციპალური საბჭო)  შექმნილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. სახელწოდებიდან გამომდინარე ქმედებებთან ერთად, იგი წევრების - ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების შესაბამისი უწყებების თანამშრომლებისა და მოწვეული სპეციალისტების  საშუალებით შეისწავლის საკითხებს, განსაზღვრავს კომპეტენტურ ქმედებებს და შემდგომ მიმართავს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  (შემდგომში მცხეთის საკრებულო),  კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად განიხილოს და ძალაში მიიღოს წარდგენილი დოკუმენტი, ჩვენს შემთხვევაში კი გენ-გეგმა.

  როგორც ავღნიშნე, უახლოეს ხანებში შემოგთავაზებთ უკვე კონკრეტულ ინფორმაციას. იმედია დაინტერესებული ადამიანები თუ ორგანიზაციები გაიზიარებენ და აქტიურად ჩაერთვებიან საკითხის განხილვაში. განსაკუთრებით მინდა მივმართო მცხეთელებს - ამდენი სირთულეების გამოვლის შემდეგ, გენ-გეგმის შემუშავების პროცესი ღიაა!

  მობრძანდით, ერთად შევქმნათ ჩვენი მომავალი მსოფლიო მემკვიდრეობის ჩვენს მცხეთაში!

დათვალიერება: 325
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group