დაუძლეველი პრობლემა?
23-1-2019

  ჯვრის მონასტერის ირგვლივ განვითარებული მოვლენებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო და პროცესები კიდევ უფრო რთულდება. საერთო ჯამში არსებული  ქმედებები აკნინებს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ჯეროვან სტატუსს და ზიანს აყენებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ქართულ სახელმწიფოებრიობას.

  ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ არსებული სიტუაციის არასწორმა ინტერპრეტაციამ (რისი ფაქტებიც უკვე არაერთია),  შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს  იუნესკო-საქართველოს შორის არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესს.  მითუმეტეს, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ,,მცხეთის ისტორიული ძეგლების“ არსებობის მიზანშეწონილების ფაქტი უახლოეს წარსულსი უკვე არსებობდა.

  არსებული სიტუაციიდან და ორგანიზაციის კომპეტენციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ღიად განვაცხადოთ შემდეგი:

  იმის გამო, რომ პროცესების მიმდინარეობისას არაერთგზის გაცხადებული იქნა იუნესკოს შეფასებების შესახებ, განვითარებული პროცესების სრულყოფილად აღქმისათვის, მიზანშეწონილია განხილული იქნას 2018 წლის 19-24 თებერვალს საქართველოში განხორციელებული UNESCO/ICOMOS/ICCROM   რეაქტიული მონიტორინგის ერთობლივი მისიის ანგარიში და მასში არსებული რეკომენდაციები.

  ვიზიტის ფარგლებში ჯგუფმა ,,შეაფასა ძეგლების კონსერვაციის საერთო მდგომარეობა, მათ შორის ფაქტორები და კონსერვაციის პრობლემები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი ზემოქმედება მოახდინონ მის უნივერსალურ ღირებულებებზე.“

  განსაკუთრებული ადგილი დოკუმენტში, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, დაეთმო მცხეთის ჯვრის მონასტერს  (გვ. 8; 9; 23; 26; 29; 42).

  მისიის აღიარებით ჯვარი, მისი დაფუძნების პერიოდიდან, არის მომლოცველობის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი მთელს კავკასიაში.

  ადგილზე არსებული პრობლემატიკიდან იკვეთება ორი მიმართულება - ერთი ეხება საკუთვრივ ტაძარს, მის რესტავრაცია-კონსერვაციას, არქეოლოგიას და ვიზიტორებისათვის უსაფრთხოების დაცვას და მეორე, მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის დაწყებას და საკომუნიკაციო ანძების მოცილებას.

  ჩვენი უფლებამოსილებიდან და საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანად მოგვაჩნია, ყურადღება გავამახვილოთ დოკუმენტში არსებულ შემდეგ ჩანაწერზე: ,,არ არის პროგრესი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ხნის წინ იქნა შეტანილი მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში. საჭიროა დაიწყოს საინფორმაციო  ცენტრის მშენებლობა“.

  საკითხის შესწავლამ დაგვანახა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება არაერთგზის განხილული იქნა    იუნესკო-საქართველოს შორის არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულების ფორმატში. ჩამოყალიბდა პროექტი და  შერჩეულ იყო დაფინანსების წყაროები. განიხილებოდა ადგილზე არსებული სველი წერტილების (რომელიც დღეის მდომარეობით არასახარბიელო მდგომარეობაშია) რეაბილიტაციაც.

  სამწუხაროდ, მიღებული სტრატეგია ადგილზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შესახებ, შეჩერებული იქნა და ახლო მომავალში საჭიროა გაირკვეს ვის და რის გამო მოხდა პროექტის ,,რომელიც დიდი ხნის წინ იქნა შეტანილი მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში“ კონსერვაცია.

  არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა მიწათსარგებლობასა და მშენებლობაზე გამოცხადებულმა მორატორიუმმა, რამაც დაწყებული პროექტების განხორციელება შეუძლებელი გახადა.

  პროცესების განვითარებამ ცხადყო, რომ იგი გასცილდა ჯვრის მონასტერს და უკვე საუბარია სახელმწიფო მასშტაბით პრობლემის მოწესრიგებაზე. ჯერ კიდევ შარშან ჩვენი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული იქნა პილოტპროექტი ,,სვეტიცხოვლის კარიბჭე“, რომელშიც განხილული იქნა სვეტიცხოვლის ტაძრის მაგალითზე, ეკლესიის ირგვლივ არსებული პრობლემები. ხელაღებით საუბარი იმაზე, ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემაზე არ რეაგირებს, არასწორია. მუნიციპალიტეტისათვის კარგადაა ცნობილი პრობლემების არსი და შემუშავებულია გადაწყვეტის მექანიზმები (იგივე გარევაჭრობასთან დაკავშირებით), რომელთა შორის ნაწილი ადგილობრივ კომპეტენციას განეკუთვნება, ნაწილი კი ცენტრალური მთავრობის გადასაჭრელია.

  ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მიმდებარე ტერიტორია არ ეკუთვნის მცხეთის მერიას. მიუხედავათ ამისა, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მცდელობა, მოწესრიგდეს გარე პერიმეტრი, დაცული იქნას სისუფთავე, რომ ტერიტორია მიმზიდველი და მომხიბლავი გახდეს ვიზიტორთათვის, მაგრამ მონასტრის წინამძღვრის კატეგორიული პოზიციიდან გამომდინარე, არ ხერხდება გარევაჭრობას ცივილური სახე მიეცეს.

  სამწუხაროდ, ყველაფერს ემატება ის, რომ მცხეთაზე არაერთგზის გაგრძელებული მორატორიუმი არ იძლევა საშუალებას და ფაქტობრივად ხელ-ფეხს უბოჭავს მუნიციპალიტეტს, მოახდინოს არსებული პრობლემების დაძლევა. ეს საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ გარკვეულ წრეებს აწყობს მოსახლეობის (მათ შორის გარემოვაჭრეების) დასჯა, რაც უკმაყოფილების ზრდას და ადგილობრივი მთავრობის დისკრედიტაციას გამოიწვევს. ქალაქის ინტერესების ჩამოცილებით კი ფორსირებულად მოხდება გარკვეული კორპორატიული ინტერესების მატარებელი მცხეთის გენერალური გეგმის შემუშავება და დამტკიცება.

  იმის გამო, რომ საერთო ჯამში, დიდი ზიანი ადგება მთლიანად ქალაქ მცხეთას და მის ჯეროვან სტატუსს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაიგეგმოს შეხვედრა მხარეებისა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელწიფო ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით. იმისათვის, რომ არ მოხდეს პროცესების შემდგომი ესკალაცია და ურთიერთობაც ცივილურ ფორმებში მოექცეს, საჭიროა როგორც ადგილობრივ, ისე სახელმწიფო დონეზე საჩქაროდ იქნას მიღებული მოკლევადიან და გრძელვადია ჭრილში გათვლილი გადაწყვეტილებები.

  ჩვენის მხრივ, გამოვხატავთ მზადყოფნას, მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ ფორმატში, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, წინ აღუდგება ადგილობრივი ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და საერთო ჯამში წაადგება ქალაქ მცხეთის მდგრად განვითარებას.

 

 

დათვალიერება: 236
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group