მორატორიუმი და საზოგადოება
02-11-2018

   წინა ორი სტატიის გამოძახილიდან გამომდინარე, ამ სტატიის გამოქვეყნება გახდა საჭირო. სოციალურ ქსელებში, სატელეფონო თუ პირად საუბრებში მრავალი კითხვა დაისვა და რაც ყველაზე მთავარია, გასაჯაროებული ინფორმაციის სხვადასხვა ინტერპრეტაციას მაინც ვერ ავცდით.  სტატია საშუალებას მაძლევს გავცე პასუხი იმ ძირითად აქცენტზე, რომელიც უკვე ღიად და დაუფარავად დაისვა.

  მორატორიუმის თემის აქტიური განხილვა საზოგადოების რადიკალურად პოლიტიზირებული ჯგუფის მიერ გაცხადებული იქნა როგორც ,,წინასაარჩევნო ტრიუკი“ და რეალურ ქმედებებს ,,შავი პიარი“ დაუპირისპირდა.

  ჩემს წუხილს ადამიანების განსხვავებული პოლიტიკური მსოფლმხედველობა არ წარმოადგენს, მე მინდა იმ ზიანზე ვისაუბრო, რომელიც საკითხის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება მოგვიტანს.

  რაც შეეხება ორი სტატიის ზედიზედ გამოქვეყნებას, იგი პროცესების მიმდინარეობის შესაბამისად დაიწერა და არანაირი გათვლილი სტრატეგია მას არ გააჩნდა. კონკრეტულად პირველი სტატიის შესახებ მოგახსენებთ შემდეგს:

  წერილი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორთან, ქალბატონ მეხტილდ როსსლერთან გაიგზავნა 2 ოქტომბერს, რასაც მიმოწერაში არსებულ ინფორმაციასთან ერთად ადასტურებს სსიპ ,,საქართველოს ფოსტის“ მცხეთის ფილიალში მიღებული გაგზავნის დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილია სტატიაში დანართის სახით:

 

img095

 

  მიმოწერა რომ წინასაარჩევნოთ არ იყო გათვლილი, ადასტურებს წერილის გაგზავნის თარიღი. საქმის არსთან შეხებაში მყოფი პირებისათვის ცნობილი იქნება, რომ პარიზში ჩვეულებრივი წერილის გაგზავნას და იქიდან პასუხის მიღებას ერთ თვემდე ვადა ჭირდება.

  ჩვენი პასუხიც სწორედ ამ ვადებში მივიღეთ, რასაც დანართის სახითაც ვადასტურებთ:

 

 img093

  რაც შეეხება ქალბატონი მაია ცქიტიშვილის გუშინდელ განცხადებას, იგი რომ წინასაარჩევნოდ არ იყო გათვლილი, ქვემოთჩამოთვლილი გარემოებები ადასტუსტურებენ:

  მკითხველს ემახსოვრება მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბ-ნი დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლა  საპარლამენტო მოსმენაზე მთავრობის დამტკიცებისას. ეს მეტად აქტუალური გამოსვლა 15 ივლისს ჩვენს მიერ სტატიაში იქნა განხილული. საკითხის უკეთ წარმოჩენის მიზნით, დიალოგის მცირე ამონარიდს შეგახსენებთ:

  მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე:

  „მინდა თქვენი და საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ერთ საკითხს, რომელიც წლებია მოუგვარებელია – საქმე ეხება ქალაქ მცხეთის და მისი მოსახლეობის განვითარების შეჩერებას. უკვე 3 წელია, ქალაქს და მის მოსახლეობას პრაქტიკულად მისჯილი აქვს მორატორიუმი, რაც კრძალავს ყოველგვარ სიახლეს, ხის დარგვასა და კომუნიკაციების გაყვანასაც კი.“

 ,,მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროცესი მიდის არასწორად, თანხები და დრო იხარჯება ფუჭად, იგნორირებულია ქალაქის, თვითმმართველობისა და მოსახლეობის ინტერესები. გადაწყვეტილებები ამ კუთხით მიიღება პირადი ინტერესებისა და გავლენებიდან გამომდინარე...“

  პრემიერ-მინისტრი ბ-ნი მამუკა ბახტაძე:

  ,,რაც შეეხება მცხეთის განვითარებას, იცით რომ მუშაობა მიმდინარეობს გენ-გეგმაზე. მცხეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი ყველასთვის, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისათვის და ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გენ-გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქალაქის მდგრად განვითარებას.“

  მინისტრობის კანდიდატი ქ-ნი მაია ცქიტიშვილი:

 ,,ნებისმიერი გენ-გეგმის შემუშავება მოხდება მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ასევე ექსპერტების. შევეცდებით, რომ უცხოელი ექსპერტებიც ჩავრთოთ ამ პროცესში და განსაკუთრებით როდესაც მცხეთის მემკვიდრეობის დაცვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, რათქმაუნდა, ჩართულები იქნებიან იუნესკოს ექსპერტებიც, როგორც საკონკურსო ეტაპზე, ასევე უშუალოდ გენ-გეგმის მიღება-ჩაბარების და განხილვის დროს. რაც შეეხება მორატორიუმს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მორატორიუმი გამოყენებული იყო იმისათვის, რომ მცხეთა ქაოსური განაშენიანებისაგან დაგვეცვა. იუნესკოსი ორი დელეგაცია იყო ძეგლთა დაცვის სამინისტროსი. შესაბამისად ამის შედეგად იგეგმება მორატორიუმის პირობების შეცვლა. მორატორიუმის პირობები უნდა შეიცვალოს ისე, რომ მცხეთაში ცხოვრება მოსახლეობისათვის უფრო კომფორტული იყოს, ვიდრე გენ-გემა არ დასრულდება“.

  გუშინდელ ინტერვიუში ინფრასტრუქტურის მინისტრი ქ-ნი მაია ცქიტიშვილი მოგვახსენებს:

 „მცხეთის მორატორიუმს რაც შეეხება, კულტურის სამინისტროსთან და იუნესკოსთან ერთად აქტიური კონსულტაცია გვაქვს. უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლა. ჩვენ ვგეგმავთ მათთან ერთად განვიხილოთ ის ცვლილებები, რაც გვინდა მორატორიუმში განვახორციელოთ, რომელიც, პირველ რიგში, მიმართული იქნება იმისკენ, რომ მორატორიუმის გარკვეული ელემენტები, შეზღუდვები იყოს მოხსნილი. რა თქმა უნდა, ეს არის ისეთი შეზღუდვები, რომელიც არ აისახება მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსზე. ეს არის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, მცირე კატეგორიის, ან პირველი კატეგორიის შენობა-ნაგებობებზე. წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ ამ ინიციატივის წარმოდგენას, მას შემდეგ, რაც იუნესკოს მისია ჩამოვა და გვექნება მათთან კონსულტაციები“.

  ქ-ნ მაია ცქიტიშვილის ეს ორი გამოსვლა თვალნათელია რომ ერთმანეთს ავსებს. რაც შეეხება დროის ფაქტორს, ამ პერიოდში, იგულისხმება აგვისტო-ოქტომბერი, მუდმივი მუშაობა მიმდინარეობდა მაჟორიტარი დეპუტატის და მცხეთის მერის ბ-ნი გიორგი კაპანაძის მხრიდან, პროცესების დროულად და საჭირო მიმართულებით წარმართვისათვის.

  შედარებისათვის ასევე ავღნიშნავ, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთპიროვნული მმართველობის პერიოდში საკუთარი გუნდიდან არათუ აქტუალური საკითხის წარმოჩენა, არამედ გაკვრით ხსენებაც კი მკაცრად დასჯადი იყო. 

  რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაწეულ მუშაობას, ეს ქალბატონ მაია ცქიტიშვილის გამოსვლაშიც ჩანს. ასევე მოვიშველიებ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორის, ქ-ნი მეხტილდ როსსლერის მიერ ჩვენი ორგანიზაციის მიმართ მოწერილ წერილს, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი (არაოფიციალური თარგმანი):

  ,,სურვილი მაქვს შეგატყობინოთ, რომ მხოლოდ შესაბამისი ქართული მმართველობა სრულიად არის პასუხისმგებელი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტის შემუშავების პროცესთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით მოგიწოდებთ დაუკავშირდეთ სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც არიან მოვალენი ამ ქმედებებზე.“

  აღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი ინფორმირებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს დროში უწყვეტი ქმედებების შესახებ.

  რაც შეეხება ადგილობრივი მმართველობის ჩართულობას, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და პირადად მერის ბ-ნ გიორგი კაპანაძისათვის პრობლემური საკითხების გადაჭრაში პრიორიტეტს წარმოადგენს მცხეთის გენერალური გეგმის დროული და ხარისხობრივი შესრულება. ამ მიმართულებით საზოგადოებისათვის ცნობილია არსებული წინააღმდეგობები, თუმცა ბევრი არ არის სწორად ინფორმირებული, თუ რა რაოდენობის სამუშაო ხორციელდება ხელმძღვანელობის მხრიდან მორატორიუმის დასაძლევად.

  ზემოაღნიშნული რომ შევაჯამოთ, ჩემი აზრით, მკითხველისათვის ნათელი უნდა შეიქმნას, რომ სწორედ მავანთა მცდელობა წარმოადგენს ,,შოუს".

  წარმოდგენილი სტატია ნამდვილად არ არის თავის მართლების რეჟიმში აზრის გამოხატულება. პირადად მე მრავალი ადამიანის კითხვას გავეცი პასუხი. ახლა კი სურვილი მაქვს მეც დავსვა კითხვა:

  სად იყავით ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად განიხილავთ ,,მორატორიუმის დამღუპველ შედეგებს“ და კიდევ ათას მასზე მიბმულ ,,უბედურებას“, როდესაც მცხეთაში მოსახლეობის 3 აქცია გაიმართა?

  მე გეტყვით სადაც იყავით - სახლში. დიახ, სახლში! რათა არჩევნების წინ საკუთარი ,,პატრიოტობიდან“ გამომდინარე, ხმამაღლა გესაუბრათ მთავრობის საწინააღმდეგოდ.

  ამიტომაც საჭიროდ მიმაჩნია, ყველა ვინც ვხედავთ რომ მომავალი არჩევნები წარმოადგენს არა მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნებს, არამედ გადამწყვეტ ბრძოლას მცხეთის მომავლისათვის, მივიდეთ და პირნათლად მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მცხეთისა და სამშობლოს წინაშე.

  სწორედ ეხლა ჭირდება მცხეთას ჭეშმარიტი მცხეთელების  ერთად დგომა! 

დათვალიერება: 174
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group