მცხეთობა
14-10-2018

     „წმიდა დედაქალაქის“ უმთავრესი სიწმინდე - მაცხოვრის კვართია

  „წმიდაი დედაქალაქი“ - ასე იწოდებოდა  მცხეთა ქართულ მატიანეებში. აქედან იწყება ქართველების უფლისკენ მიმართული ისტორია. სწორედ უფლის განგებით განემზადა ეს სივრცე ორი უდიდესი სიწმინდის - ელია თეზბიტელის ხალენისა და უფლის კვართის დასამარხად და შესანახად  - ვიდრე მეორედ მოსვლამდე...

  მთებით შემოზღუდულ ამ სივრცეში,ორი მდინარის შესართავთან არსებულ დაბლობზე სწორედ რომ „უფლის თვალი ტრიალებს“. ჟრუანტელს მოგგვრით მცხეთურ ტოპონიმთა ბიბლიურ-საკრალური წარმომავლობაც - ბაგინეთის მთა, ჯაჭვის (ჯვრის) მთა, ზედაზნის ქედი, სარკინეთის მთა, კოდმანის მთა... აქ იმდენი სიწმინდეა დავანებული, ყოველ ქრისტიანს მცხეთაში  კრძალვით სიარული მართებს, რომ უნებლიეთ სიწმინდეს ფეხი არ დააბიჯოს.

  მირიად საუკუნეებს გასდევს მცხეთის სიწმიდეთა ღირებულება ქართველი ხალხის ერად შექმნა-ჩამოყალიბებაში. აქ არის ქვეყნის დვრიტა, „ანიც“ და „ჰოეც“ ქვეყნის.

  ამიტომაცაა, საუკუნეთა მანძილზე რომ აღინიშნება „მცხეთობა-კვართობა“ სრულიად საქართველოს მასშტაბით. ამ დღეს გაიჭიმებოდა ღვინითა და ჭირნახულით დატვირთული ურმების ქარავნები ქართლის, კახეთის, გურია-იმერეთის გზებზე. ოჯახები ღამისთევით მოდიოდნენ მცხეთაში - ვინც ვერ ეტეოდა გალავნის შიგნით, იქვე, გალავანთან გაშლიდნენ ქეჩის საფენებს, დაანთებდნენ სანთლებს, დაკლავდნენ შესაწირავს და  საკუთარი შრომით მოწეული პურ-ღვინით ადიდებდნენ ღმერთს. პურობა და სუფრიდან სუფრაზე გადაპატიჟება დილამდე გრძელდებოდა.

 

 

444

მცხეთობა, გრიგოლ გაგარინი 1847 წ.

 

  ეს ტრადიციები კომუნისტების ზეობის ჟამს არა თუ მინელდა, სრულიად გაქრა, რადგან „ღმერთთან მებრძოლი“ ბრიგადები გააფთრებით ებრძოდნენ როგორც ეკლისიასა და სამღვდელოებას, ისე მორწმუნე მრევლს. შიშით დათრგუნულმა ხალხმა დანგრეულ და იავარქმნილ ეკლესიებს ზურგი აქცია...

  მაგრამ ეს მდგომარეობა რამდენადმე „გალღვა“ გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც საპატრიარქო ტახტზე ავიდა მისი უწმიდესობა ილია მეორე. მას კარგად ახსოვს ისეთი „მცხეთობებიც“, როცა საზეიმო წირვას და კვართის პარაკლისს ორიოდ მღდელთან და სტიქაროსანთან ერთად აღავლენდა-ხოლმე თითქმის ცარიელ ტაძარში.

  80-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა  აღედგინა „მცხეთობის“  სახალხო ზეიმური ნაწილი და ექცია ის საერთო-სახალხო  დღესასწაულად. ასეთ ზეიმებს დანატრებული საზოგადოება ერთბაშად მოაწყდა მცხეთას. პირველი საერთო-სახალხო „მცხეთობა“, კომუნისტური ნომენკლატურის პირობებში, 1982 წლის 14 ოქტომბერს გაიმართა.

 

111

მცხეთის საპატიო მოქალაქეების არჩევის ცერემონიალი -სცენაზე დგანან ედუარდ შევარდნაძე (მარცხენა კიდეში) და  ალექსანდრე ბარისაშვილი (მარჯვნივ). მის უკან შალვა თათარაშვილია. სამადლობელ სიტყვას ამბობს უკვე საპატიო მოქალაქედ არჩეული ჯანსუღ ჩარკვიანი, მის უკან, მარჯვენა მხარეს, დგას ოლია მაჩხანელი. მისგან მარჯვნივ, ორი მამაკაცის შუაში, დგას მაშინდელი რაიკომის პარტკაბინეტის გამგე კოტე მჭედლიშვილი. ბ-ნი კოტეს უკან მოჩანს ჭაბუკა სხიერელი -კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი, ხოლო ქ-ნ-ი ოლიას უკან - გოგი მორბედაძე - პარტრაიკომის მესამე მდივანი.

 

  მცხეთას თვით პირველი პირი - ედუარდ შევარდნაძე ეწვია, რომელიც მცხეთელებს „ახლობლებად“ მოიხსენიებდა, რადგან 60-იან წლებში ის მცხეთის რაიკომის პირველ მდივნად მუშაობდა და როგორც თავად აღნიშნავდა, კარგად იცნობდა მცხეთელებს. პირველი „მცხეთობა“, როგორც პირველი, საკმაოდ ორიგინალური იყო - ქუჩაში ღია წარმოდგენებს მართავდნენ  სიძველიდან გამოხმობილი „სახიობას“ ოსტატები - ქუჩის მსახიობები, დადიოდნენ ფეხოსანი თუ ცხენებზე ამხედრებული ჯაჭვის საჭურველიანი რაინდები, ჭირნახულით სავსე ურმებითა და საზეიმოდ მორთული საზიდრებით გაიძეძგა ქალაქი - პირდაპირ ურმებზე იმართებოდა მინი-კონცერტები. მღეროდნენ მუხრანელი ფარჩუკიძენი, დიღმელი სონღულაშვილები, გლდანელი აბუაშვილები, ცეკვავდნენ კულტურის სახლებთან არსებული მოცეკვავეთა ანსამბლების წევრები, „კარიბჭის“ კიბეებზე ანსამბლი „რუსთავი“ და თვით გენიალური ჰამლეტ გონაშვილი მღეროდა. ყველაფერი ეს, ერთად აღებული, ქმნიდა  მშვენიერ საზეიმო გარემოს - ჭეშმარიტ დღესასწაულს და ბევრ თვალის სასეიროსაც. მაშინ მცხეთა „სამიკიტნო დაბას“ არ ჰგავდა...

 

222

1982 წლის „მცხეთობა“. მღერის მუხრანელ ხელოვანთა ოჯახი  - მარჯვნიდან -თენგიზ, თამარ, ციცო და გელა ფარჩუკიძენი.

 

  იმ პირველსავე დღესასწაულზე საფუძველი ჩაეყარა მცხეთის საპატიო მოქალაქეების არჩევასაც. მაშინდელი რაიკომის პირველი მდივნის, ბატონ ალექსანდრე ბარისაშვილის და თვით ედუარდ შევარდნაძის ხელდასხმით პირველ საპატიო მოქალაქეთა შორის იყვნენ აკადემიკოსები - შოთა ძიძიგური, ანდრია აფაქიძე, ირაკლი ციციშვილი. „მცირე მიწის“ გმირი შალვა თათარაშვილი, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, მასწავლებელი ოლია მაჩხანელი.

  და ასე აჰყვა, მძივებივით აესხა ერთმანეთს შემდგომი „მცხეთობებიც“- ერთხანს დღესასწაულის ეპიცენტრმა მაშინ ახლადაშენებულ  „თეატრონზე“ გადაინაცვლა  - ჭირნახულის გამოსაფენად აგებული პავილიონები, სამი საუცხოო სცენა წარმოდგენებისათვის, რაღაც სასწაულის ძალით არაგვიდან გადმოქაჩული წყლის აკვედუკები შიგ მოცურავე გედებით და ნავებით, ბებრის ციხის ფერდობზე ბუნებრივად შეფენილი ამფითეატრი, თეატრონის ტერიტორიაზე გაშენებული  მშვენიერი ვარდნარი თუ შემოდგომის ფერებით აჭრელებული არაგვის ჭალები საზეიმო განწყობას ქმნიდნენ. ამ სცენაზე მღეროდნენ გენიალური გოგი დოლიძე და „ქართული ხმები“, „ივერია“, ნუგზარ ფსუტური თავის მიერ დაარსებულ ანსამბლთან ერთად, მერაბ სეფაშვილი, ანსამბლი „ფორტე“, ლელა თათარაიძე... ცეკვავდნენ  სუხიშვილები, „ერისიონი“ და სხვანი. 90-იან წლებში,როგორც ყველაფერი ქვეყანაში, თეატრონიც გაპარტახდა. „მცხეთობამ“ კვლავ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადმოინაცვლა ქუჩის პირებზე გამოფენილი „შემოდგომის ნობათებით“, ჩურჩხელების ამოვლებით, ხინკლის სურნელით, ქუჩებში გამოფენილი სავაჭრო და გასტრონომიული დახლებით. დრო და ჟამი მეტ-ნაკლებად ცვლის ანტურაჟს, მთავარი კი უცვლელი რჩება - მცხეთობა, კვართის საუფლო დღესასწაული, რომელიც „ჰგიეს უკუნისამდე“ - როგორც თავად მცხეთა, როგორც ჯვარცმის წინ განმოსილი მაცხოვრის კვართი. ხვალაც ასე ვიზეიმებთ, ხვალის იქით და იმის იქითაც...

 

  თამარ თათარაშვილი

  საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

 

 

დათვალიერება: 431
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group