მიხეილ მამულაშვილის 145 წლის იუბილეზე
28-9-2018

   ამა წლის 14 სექტემბერს მიხეილ მამულაშვილის დაბადებიდან 145 წელი შესრულდა.

  ჩვენი ოფისიდან  მამულაშვილის ქუჩა გადავჭერით და მამულაშვილის ბაღს ვეწვიეთ, რომელიც ორგანიზაციის ფანჯრებიდან  სვეტიცხოვლის ფონზე, წლის დროების მიხედვით, მუდმივად ცვლად, განუმეორებელ ,,ფერწერულ ტილოს" გვიხატავს.

 

IMG_9172

 

   მივულოცეთ ოჯახს დიდი მიხეილის დაბადების დღე და იმ სიახლეებზე ვისაუბრეთ, რაც ძეგლის რეაბილიტაციის პროექტის ირგვლივ მიმდინარეობს.

  გაგვიკვირდა, როცა დღეს სამსახურში დიდი პაპას მემკვიდრე მიხეილი ამობრძანდა და ბაღში კვლავაც მიგვიპატიჟა.

  სასიხარულოა რომ ადამიანებს ახსოვთ ეს დღე და მითუმეტეს როცა აღნიშნავენ - ქალაქ მცხეთის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, მცხეთელმა ახალგაზრდებმა გადმოგცეს ამ დიდი ადამიანის ცხოვრების უდავოდ საინტერესო დეტალები. 

 

  IMG_9218

 

   ორგანულად ჟღერდა შემოქმედის განსასვენებელთან პატარების მიერ წარმოთქმული ლექსები და ჩანახატები.

  დამსწრეებმა მადლობა მოვიხადეთ მიღებულ ,,საჩუქარზე". ჩვენის მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიბლიოთეკის თანამშრომლების ძალისხმევა, რომლებიც ახალგაზრდებს ცხოვრებისეულ გზაზე ულევ სულიერ საზრდოს აძლევენ.

  დღევანდელი დღის არსიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ მიხეილ მამულაშილის საარქივო მასალებიდან ინფორმაცია, რომელთაგან ჩანახატი, მოგონება და დალოცვა დიდი მიხეილის კალამს ეკუთვნის, წერილები კი ასევე ბუმბერაზ პიროვნებებს - ილია წინამძღვრიშვილსა და ვერიკო ანჯაფარიძეს: 

  ჩანახატი

  ჩვენს ბაღში ვარდი და ვაზი ერთმანეთს სიყვარულის ჩურჩულით ეუბნებიან:

  ჩვენა ვართ ხალხის - მალამო გულისა და მალამო სულისა,

  ჩვენი ყვავილი, ყურძენი, მათივე დამათრობელი.

 მოგონება:

  როდესაც ილია გარდაიცვალა, იქ საცა მოკლეს, პატარა ბაღი გაკეთდა, მე ყვავილებს ვრგავდი. მოვიდა იქ ვაჟა, მოჰყვა მას მცხეთის მამასახლისი პეტუა მარტოლეკი. სიამოვნებით მომხვია ხელი და მითხრა; ,,ბედნიერი ხარ რომ ამ ჩვენ დიდ საყვარელ ილიას  ყვავილებს ურგამ. ეს დიდი რამ არის“. მაშინ დაემხო იმ ადგილას საცა ილიას სისხლი დარვარეს უმზგავსებმა. დიდხანს თავჩაღუნული იყო, მერე ადგა და დიდის ხმით ამოთქვა: ,,ეს რა მოგვივიდა, რას ვხედამ“.

ვიყავი ჩარგალში. ვინახულე საცა ვაჟას ოთახი იყო, საცა სწერდა. ოთახი შებოლილი, შეკომლილი ჭრაქისაგან. ტანჯვით უწერია. ის რაც ქვეყანა გააჩნდა და სამუდამოდ დასტოვა შთამომავლობასა, მე იქ სახლთან დავრგე მუხა. მისი ღირსება ისეთი ძლიერია, როგორც მუხაა. დავრგე ცოტა ვარდებიც. ნე მეტად ვეღარ შევძელი ნახვა. ამით დიდი დანაშაულია ჩემი.

  წერილები

  ჩემო სულიერო შვილო მიხა,

  ...

  შენი შრომა ყველა მეურნესთვინ თვალსაჩინოა. არავის ჩვენში ეგეთი საქმე თავისი დაურალავი შრომით და ცოდნით არ გაუკეთებია. არავისაგან ნივთიერი შემწეობა არა ჰქონია.

  მე ეს სულ ვიცი და ახტაცებული ვარ სუყველთვინ შენი კეთილის წარმატებით და მოქმედებით, როგორც გამოჩენილი კაცი. ამისათვინ მიყვარხარ ჩემო სულიერო შვილო და ვარ მეგობარი შენი ოჯახისა. შენ წმინდა უანგარო კაცი ხარ.

  ღმერთმა ქნას საქართველოში გამრავლოს შენისთანა ადამიანები, მოსიყვარულენი სამშობლოსი.

  ილია წინამძღვრი-შვილი

 

  ძვირფასო ბატონო მიხეილ!

  ვიცი რომ ვერ დაესწრებით იუბილეს, მაგრამ ძალიან მინდა ჩემი მოსაწვევი მოგაწვდინოთ!

  ჩემი უღრმესი სალამი

   ვერიკო ანჯაფარიძე

 

img086

img087

 

დალოცვა

  ჩემო უჩა,

  (ოსტაბაში ლოცავს შეგირდს)

  იყავი გამრჯე, გიყვარდეს შრომა, ნამუსიანად გაიარე შენი ცხოვრების გზა. ასახელე შენი გამზრდელები, რათა სიამაყით შემოგცქეროდნენ ისინი. სახელი მოხვეჭე შენს ხელობას და ჩვენგან შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გადაეცი. აბა დაფიქრდი, რა იქნებობა ჩვენი ცხოვრება, რომ ყველას თავისი ცოდნა საფლავში ჩაეტანა!

 

img082

 

  ამ უკანასკნელი სიტყვების შემდეგ, გვინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ მიხეილ მამულაშვილის პიროვნების მაშტაბურობას. ჩვენი ყველას ვალია, შევინარჩუნოთ მისი შემოქმედება და როგორც უკვე წინა სტატიებში ავღნიშნეთ, მისი დაბადების 150 წლის იუბილე ეროვნულ დღესასწაულად ვაქციოთ!

 

 

 

 

დათვალიერება: 916
კომენტარები
ვიდეო რეპორტაჟი
მთავარი ამბები
პოპულარული მასალები
გამოკითხვა
პარტნიორები
© 2015 bagineti.ge
Designed & Powered By Good Service Group